ახალი ამბები

რუსეთი თბილისს სამშვიდობოების გაყვანის წინააღმდეგ აფრთხილებს

რუსეთმა გააფრთხილა თბილისი, რომ მისმა ”არაგონივრულმა” გადაწყვეტილებამ აფხაზეთიდან სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, შესაძლოა, მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს მთელ კავკასიის რეგიონში.  

“ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შესაძლებლობის განხილვისას, საქართველოს ხელმძღვანელობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი არაგონივრული ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევს სიტუაციის გამწვავებას და კონფლიქტის ”გალღვობას,” რასაც მოყვება სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლა მთელ კავკასიაში,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განცხადებაში, რომელსაც რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

მან ასევე დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში ”მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება თბილისის ხელისუფლებას და მათ, ვინც თვალს ხუჭავს მათ მიერ მხარდაჭერილი კურსის საფრთხეზე”. იგი სავარაუდოდ თბილისის დასავლელ მოკავშირეებს, კერძოდ კი, ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მას ეცნობა დსთ-ს სამდივნოსგან, რომ საქართველო ითხოვს ორმხრივი კონსულტაციების გამართვას რუსეთთან არაუგვიანეს 30 ივლისისა, რათა ”მიღებულ იქნას გადაწყვეტილება კოლექტიური სამშვიდობო ძალების მანდატის ფორმატის შეცვლის თაობაზე”.

რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთში დსთ-ს ეგიდით არიან განლაგებული.

თბილისმა თავისი მოთხოვნა იმ მოტივით ახსნა, რომ რუსეთმა ჩამოართვა საკუთარ თავს უფლება მშვიდობისმყოფელის როლი შეასრულოს კონფლიქტის ზონაში იმ ცალმხრივი ქმედებების შემდეგ, რომელთაც, თბილისის აზრით, მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს. ეს ქმედებებია: რუსეთის 16 აპრილის გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე; აფხაზეთში დამატებითი ძალების შეყვანა და რუსეთის სარკინიგზო ძალების გაგზავნა აფხაზეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით.

17 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გაამართლა საკუთარი გადაწყვეტილება აფხაზეთში დამატებითი სამშვიდობოს შეყვანის თაობაზე იმ მოტივით, რომ არ დაუშვას ძალის გამოყენების თაობაზე თბილისის სავარაუდო გეგმები.

”არსებულ ვითარებაში, რუსი სამშვიდობოების ყოფნა კიდევ ერთხელ დაეხმარა კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის შეჩერებას, გააგრილა იმ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ”ცხელი თავები”, რომლებიც ”ბლიცკრიგს” გეგმავდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ,” – განაცხადა მან. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 9 ივნისს ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, რომ საქართველომ მოამზადა ნიადაგი, რათა ოფიციალურად მოითხოვოს რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანა აფხაზეთიდან მას შემდეგ, რაც ფორმალურად აცნობა დსთ-ს სამდივნოს ამის შესახებ. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ როდის გაკეთდება ეს განაცხადი.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს სამშვიდობოების გაყვანა. მისი თქმით, თბილისის დასავლელ პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია სიტუაციის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 10 ივნისს განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს უახლოეს დღეებში დააყენებს, ”თუ რუსეთი უარს იტყვის შეცვალოს მისი ბოლოდროინდელი ქმედებები აფხაზეთთან მიმართებაში”.

 

მსგავსი/Related

Back to top button