
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება: ომის საფრთხე გაიზარდა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს დელეგაციის წევრებს განუცხადეს, რომ თბილისის ”ძალისმიერმა პოლიტიკა” იძულებულს ხდის სოხუმს მოემზადოს შესაძლო საომარი მოქმედებებისთვის, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.
აფხაზეთის ეროვნული უშიშროების დე ფაქტო საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა 16 ივნისს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტად გახდომამდე აფხაზ საზოგადოებაში არ არსებობდა ომის მოლოდინის შეგრძნება.
”სააკაშვილის პოლიტიკა მუქარაზე და აფხაზეთის საკითხის ძალის გამოყენებით მოგვარებაზეა აგებული,” – განაცხადა მან, ”წლიდან წლამდე ამგვარმა პოლიტიკამ აფხაზები სამხედრო მზადებისთვის განაწყო. დღეს არსებობს იმის შიში, რომ ომი გარდაუვალია და ფსიქოლოგიურად ჩვენ ამისთვის მზად ვართ.”
თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიან ამერიკურ დელეგაციას განუცხადა, რომ საომარი მოქმედებების განახლება ”რეალურია”, რადგანაც თბილისი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე. ”აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან მოიგერიონ საქართველოს ნებისმიერი აგრესია,” – დასძინა მან.
აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია სოხუმს ორგანიზაციის ”სპეციალური ინიციატივის” ფარგლებში ეწვია, რათა შეაფასოს კონფლიქტის მგდომარეობა აფხაზეთში. ეს ინიციატივა, რომლის შესახებაც ვაშინგტონში განთავსებულმა ორგანიზაციამ აპრილში განაცხადა, მიზნად ისახავს გაეროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობების შეფასებას კონფლიქტის მოგვარების კუთხით, რუსეთის გადაწყვეტილების ფონზე ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
დელეგაციის წევრებს შორის ასევე იყო პროექტის დირექტორი დევიდ ფილიპსი.
აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს განცხადებით, პროექტის ფარგლებში შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები 2008 წლის სექტემბერში გამოქვეყნდება.