ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს 22 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუში ”დღის კომენტარი” ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ბურჯანაძემ 21 მაისს, არჩევნების დღეს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გასცემდა პასუხს ყველა იმ კითხვას, რაც მისი მმართველი გუნდიდან მოულოდნელი წამოსვლის ირგვლივ გაჩნდა. ამის შემდეგ მას რაიმე პოლიტიკური განცხადება, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შეფასების კუთხით, არ გაუკეთებია, თუმცა ისევ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი, მათ შორის აშშ-ში.  

ნინო ბურჯანაძე აქტიურ პოლიტიკას მას შემდეგ გამოეთიშა, რაც 21 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას და მმართველი პარტიის სიით პარლამენტში შესვლას არ აპირებდა, რამაც ნაციონალური მოძრაობა ცაიტნოტში ჩააგდო. იგი მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იყო. ხელისუფლებისგან გამიჯვნის ძირითად მოტივად ბურჯანაძემ პარტიულ სიაზე ყოფილ თანაგუნდელებთან შეუთანხმებლობა დაასახელა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით კორექტირებას მოითხოვს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის არ იხსნის პასუხისმგებლობას და მისი ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში მიდის. მაშინ ბურჯანაძეს არაფერი უთქვამს გრძელვადიანი გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მის გადაწყვეტილებას ”გაგებით” მოეკიდა.

მიხეილ სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ის კმაყოფილი არ იყო ბურჯანაძის გადაწყვეტილებით, თუმცა ასევე აღნიშნა: ”ის იმედია დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, დარწმუნებული ვარ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში”.

Back to top button