ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატებმა მოთხოვნები წარადგინეს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს 13-პუნქტიანი ანტიკრიზისული მემორანდუმი წარუდგინა ხელისუფლებას, რომლის შესრულებაც, მისი თქმით, იქნება წინაპირობა ქრისტიან-დემოკრატების აქტიური სადეპუტატო მუშაობის დასაწყებად.

”ჩვენ არ გვსურს შევქმნათ ილუზია იმის თაობაზე, რომ  თუნდაც ამ მემორანდუმის ყველა მუხლის ზედმიწევნით შესრულება ან შეთანხმება შექმნის რაიმე ოაზისურ გარემოს საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების მუშაობისათვის, თუნდაც საქართველოს პარლამენტში,”- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი თარგამაძე, ”მაგრამ მიგვაჩნია, რომ მათ უმეტესობაზე შეთანხმება ნამდვილად იქცევა სერიოზულ წინაპირობად საქართველოში დემოკრატიული პროცესების გასავითარებლად და პარლამენტში ოპოზიციის მუშაობის პროდუქტიულობის ხარისხის ასამაღლებლად”.

გიორგი თარგამაძის პარტია, რომელმაც 6 დეპუტატი გაიყვანა საკანონმდებლო ორგანოში, დანარჩენი ორი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალისაგან განსხვავებით, პარლამენტში შესვლაზე უარს არ ამბობს.

თუმცა, იმავდროულად, იგი ანტიკრიზისულ მემორანდუმში ხელისუფლებას თხოვს შექმნას საკანონმდებლო გარანტიების იმისა, რომ საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბება სულ მცირე 5 დეპუტატს შეეძლოს; თითოეულ ფრაქციას ვიცე-სპიკერის თანამდებობა მიეცეს; ასევე ოპოზიციას ყველა კომიტეტში ჰყავდეს მოადგილე და დამატებით შეიქმნას ხარჯების კონტროლის კომიტეტი, სადაც თავმჯდომარე ოპოზიციონერი იქნება და მთავრობის მიერ გაწეულ ხარჯებს გაუწევს მონიტორინგს.

მემორანდუმი ასევე მოითხოვს შემუშავდეს ოფიციალური დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ ოპოზიციასთან შეთანხმებით განახორციელებს; ასევე ოპოზიციის თანხმობის შემთხვევაში შექმნის საგამოძიებო კომისიებს.

გარდა ამისა, თარგამაძე ასევე მოითხოვს მიღებულ იქნას კანონი ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შესახებ და საპარლამენტო ოპოზიციას განესაზღვროს ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიები.

მემორანდუმის დანარჩენი თავები იმეორებს იმ მოთხოვნათა დიდ ნაწილს, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ 29 იანვარს წარუდგინა ხელისუფლებას, თუმცა მათი უმრავლესობის დაკმაყოფილებაზე, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენებაზე, საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების გადათვლაზე, ცესკოს თავმჯდომარის შეცვლაზე და ა.შ., უარი მიიღო. 

გიორგი თარგამაძემ თავადაც აღნიშნა, რომ ბევრი პუნქტი გაერთიანებული ოპოზიციის მემორანდუმიდან გადმოიწერა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ”ულტიმატუმის” სახე არ აქვს და კატეგორიულობა აკლია, რადგან ”ოპოზიციას დღეს გაცილებით ნაკლები მექანიზმი დარჩა ზეწოლისა და ხელისუფლებაზე ზემოქმედებისა”, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა.  

საარჩევნო სისტემის ნაწილში ქრისტიან-დემოკრატების მემორანდუმის მთავარი მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კონსენსუსის საფუძველზე დანიშვნა და მერების პირდაპირი წესით არჩევაა.

აქვე, თარგამაძის პარტია ითხოვს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების და თავდასხმების გამოძიებას, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რომელმა ორგანომ უნდა წარმართოს ეს პროცედურა.

მემორანდუმში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსი ოპოზიციასთან შეთანხმებით უნდა შეიცვალოს, მათ შორის უნდა გამარტივდეს გასაჩივრების პროცესი და შეიზღუდოს საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო ადამიანური და მატერიალურ-ფინანსური რესურსების გამოყენება.

ქრისტიან-დემოკრატები კონტროლის პალატის თავმჯდომარის და გენერალური პროკურორის ოპოზიციასთან შეთანხმებით დანიშვნას მოითხოვენ; სასამართლო სისტემის კუთხით კი გამოდიან წინადადებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი დაინიშნოს.

მემორანდუმში ასევე ჩადებულია სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების პუნქტი, სადაც საუბარია ამ რეფორმის მრავალპარტიული კომისიის მიერ განხორციელებაზე.

ყოფილი ჟურნალისტების პარტიას სამი პუნქტი აქვს მიძღვნილი მედიასთან დაკავშირებული საკითხებისადმი. კერძოდ, საუბარია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბალანსის კანონმდებლობით უზრუნველყოფის საჭიროებაზე არჩევნებს შორის პერიოდში;  ქრისტიან-დემოკრატები  ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას ითხოვენ.

გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ის დაელოდება ხელისუფლების პასუხს მათ მემორანდუმზე.

”გვაქვს ასევე ძალიან დიდი იმედი, რომ ის წინასწარი კონსულტაციები, რომელიც ჩვენ გვქონდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებთან თუ საერთოდ ბარიერგადაულახავ პოლიტიკურ სუბიექტებთან, დამატებით კიდევ გამოიღებს შედეგს და ისინიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ  ამ პროცესში,”- აღნიშნა მან.

თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ბოიკოტის იდეის ერთგული რჩება და არ აპირებს ანტიკრიზისულ მემორანდუმთან შეერთებას. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც.

”ჩვენ შევუერთდებით მხოლოდ იმ მემორანდუმს, რომელიც შეეხება პარლამენტის დათხოვნას და ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებას,”- განაცხადა დღეს ნათელაშვილმა, ”სხვა ყველანაირი მემორანდუმები ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს ნიშნავს ხელისუფლებასთან დიალოგში შესვლას”.

დეპუტატმა პაატა დავითაიამ, პარტიის”ჩვენ თვითონ” ლიდერმა, რომელიც პარლამენტში ოპოზიციური კოალიციის პარტიული სიით შევიდა, თუმცა არჩევნებიდან ცოტა ხანში დატოვა კოალიცია, განაცხადა, რომ მზად არის მემორანდუმის თაობაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

Back to top button