ახალი ამბები

ჟურნალისტების უფლებათა დამცველი ორგანიზაცია დაფუძნდა

რამდენიმე ათეული ჟურნალისტი გაერთიანდა ორგანიზაციაში ”ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის”, რომელიც მედიის წარმომადგენლებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას ისახავს მიზნად.

ეს ორგანიზაცია სტუდია ”მაესტროს” ხელმძღვანელის მამუკა ღლონტის ინიციატივით დაფუძნდა.  

”ორგანიზაცია იმუშავებს როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე არ მოვერიდებით მიტინგების ჩატარებას და რაღაც აქციების ჩატარებასაც, მაგრამ მთავარი, ალბათ, საქართველოში დღეს არის გამოსწორდეს ის კანონები, რომელიც აძლევს მანიპულაციის საშუალებას ბევრ ბიუროკრატს,” – განუცხადა რადიო ”თავისუფლებას” მამუკა ღლონტმა.

ორგანიზაციაში მისი დაარსებისთანავე გაწევრიანდნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც ბოლო პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლეს ან ხელისუფლების კრიტიკით გამოდიან.  ორგანიზაციის წევრები არიან გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, ამავე გაზეთის ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ტელეკომპანია ”მზის” საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი პროდიუსერი ნინო ჟიჟილაშვილი და ა.შ.

”ის, რაც ხდება, ჩვენი ბრალია და იქნება ერთად რომ ვიქნებით უფრო მეტი შევძლოთ,”- განუცხადა რადიო ”თავისუფლებას” ნინო ჟიჟილაშვილმა, ”ფაქტია, რომ ძალიან დამარცხებულ პოზიციებში ვართ”. 

ამ დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება ინგა გრიგოლიას პოლიტიკური თოქ-შოუ ”Primetime"-ის დახურვა, რასაც ხელისუფლების კულუარებში კატეგორიულად არ უარყოფენ. თოქ-შოუ, რომელიც ”რუსთავი 2”-ზე გადის, 5 ივნისს ერთი თვით დაემშვიდობა მაყურებელს იმის გამო, რომ ტელეკომპანია ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს გადასცემს. ინგა გრიგოლიამ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის უცნობია გადაცემის დახურვის გეგმები და დასძინა, რომ გადაცემის მწარმოებელს TBC-TV სტუდიას ”რუსთავი 2”-თან კონტრაქტი ”Primetime"-ის გაშვებაზე დეკემბრამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი/Related

Back to top button