Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი ოპოზიციაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიუხედავად მმართველი პარტიის აბსოლუტური უმრავლესობისა პარლამენტში, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციას სიტყვის უფლება მისცეს, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე მთავრობაში.  

”მათ შესთავაზეს ვიცე-სპიკერების თანამდებობები, კომიტეტებში თანამდებობები,” – განაცხადა სააკაშვილმა 9 ივნისს ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, ”მე შევთავაზე მათ ადგილები საქართველოს მთავრობაში. თუ მათ ამის სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეს წინადადება რჩება ძალაში”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ოთხწლიანი მტკივნეული რეფორმებისა და ხელისუფლების მიერ ”დაშვებული შეცდომებისა”, ამომრჩევლებმა ”სიბრძნე” და ”რაციონალურობა” გამოიჩინეს და უმრავლესობით აირჩიეს მმართველი პარტია პარლამენტში. ”ეს ადასტურებს მთელი საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას,” – განაცხადა მან.

”5% ვინც გადალახა, ყველამ უნდა ნახოს პარლამენტში მართვის ბერკეტები და 2% ვინც აიღო, 1% ვინც აიღო, ისინიც სხვადასხვა ფორმით უნდა ჩავრთოთ ქვეყნის მართვაში. ამას ალტერნატივა არ აქვს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ”ნეგატიურზე” რომ არ მოეხდინა კონცენტრირება, მეტ წარმატებას მიაღწევდა არჩევნებში.

”მათ სამწუხაროდ ძალიან არასწორი საარჩევნო კამპანია წარმართეს, იმ გაგებით რომ კონცენტრაცია მარტო ნეგატივზე და ლანძღვაზე, ეს არ არის სწორი,” – განაცხადა პრეზიდენტმა, ”სხვათაშორის, მე ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძეს ბოლო ჩვენი საუბრისას ვუთხარი ერთი-ორი თვის წინ, ვუთარი, რომ ლევან, რაც უფრო ბევრს მოაწყობ შიმშილობას, ეს დაგანგრევთ; ნუ აკეთებთ ამას, დამიჯერეთ, თქვენთვის მინდა მართლა კარგი”.

”მე ვუთხარი, რომ მოახდინეთ კონცენტრაცია სოციალურ თემებზე, მოახდინეთ კონცენტრაცია იმაზე, რაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს და ხალხი თქვენ წამოგყვებათ. ამის ნაცვლად მათ, ალბათ მან იფიქრა, რომ მე ეშმაკური ტაქტიკა მაქვს, რომ ცბიერად მომეტყუებია, მაგრამ მე ვიყავი გულწრფელი,… მაგრამ არ დამიჯერა”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას უნდა, რომ ოპოზიცია იყოს ”კონსტრუქციულად ძლიერი”.

მსგავსი/Related

Back to top button