ახალი ამბები

პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერვიუ ”რუსთავი 2”-თან

”რუსთავი 2”-ის სატელევიზიო ინტერვიუს სრული ტექსტი პრეზიდენტ სააკაშვილთან. ინტერვიუ, რომელიც ეთერში 9 ივნისს გავიდა, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ჩაწერა.

”რუსთავი 2”: თქვენ მოსკოვში ვიზიტამდე განაცხადეთ, რომ ბევრი რამ გაირკვევა პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრის შემდეგ. რა გაირკვა 6 ივნისის შეხვედრაზე?

 

პრეზიდენტი: მინდა ვთქვა, რომ თავისთავად ამ შეხვედრის ტონი, ტონალობა, ატმოსფერო განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მე ვარ შეჩვეული რუსეთში ვიზიტების და რუსებთან ურთიერთობების დროს.

ეს იყო უფრო მშვიდი საუბარი, თუმცა  ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ მთავარი საკითხები დარჩა და მთავარი საკითხი არის ძალიან მარტივი ახლა ამ დღეებში, ბოლო კვირებში კონფლიქტი გამოვიდა გაყინული მდგომარეობიდან, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ის, რაც სამართლებრივად შეიძლება შეფასდეს, როგორც ანექსიის განხორციელება და რეალურად ის, რასაც აკეთებენ ახლა სარკინიგზო ძალები, ეს არის იმ დესანტის შემოსვლასთან ერთად  სამხედრო ინტერვენციის დასაწყისი.

 

მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ატარებს დროებით ხასიათს და ამ ყველაფერს არ მოყვება ის გაგრძელება, რომელიც ეულებრივ მოყვება ასეთ ქმედებას, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ფაქტი ჯიუტია.

ამიტომ ჩვენ ეს პოზიცია ნათლად აუხსენით ჩვენს რუს კოლეგებს, მე პირადად აუხსენი მას [მედვედევს], რომ საქართველო ძალიან გახსნილი, ძალიან მოქნილია, პრაქტიკულად, ყველა საკითხის გადაწყვეტაში.



ერთადერთი რაც არ იცვლება არაფერზე და რაც არ იყიდება, ეს არის ჩვენი ტერიტორია და ეს არის საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ამაზე კომპრომისები შეუძლებელია!

საქართველო არ აპირებს არსებული საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევას, საქართველო გამოიყენებს ყველა უფლებას, რომელსაც აძლევს მას საერთაშორისო სამართალი, რათა მიაღწიოს ფორმატის შეცვლას, რათა მიაღწიოს დევნილების რეალურად დაბრუნებას, მაგრამ პირველი რაც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს, დამატებითი კონტიგენტები უნდა გავიდეს უახლოეს დღეებში.

 

”რუსთავი 2”: რა იყო ამაზე რუსეთის პრეზიდენტის პასუხი? თქვენ თქვით, რომ  ის უფრო დახვეწილად მოქმედებს და ეს კარგის მანიშნებელია. რას გულისხმობდით როდესაც ამას ამბობდით და იგივე შთაბეჭდილება დაგრჩათ თუ არა ამ შეხვედრის შემდეგ?

 

პრეზიდენტი: ნუ, უნდა ვთქვათ, რომ ჯერ ერთი პრეზიდენტი მედვედევი არის სხვა თაობის პოლიტიკოსების წარმომადგენელი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყალიბდებოდა იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ისევე როგორც მე.

ჩვენ დაახლოებით ერთი ასაკის ვართ, ის არის პეტერბურგელი, ლენინგრადელი ინტელიგენციის ოჯახიდან. ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული. ჩვენ კოლეგები ვართ. იყო სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტები როგორც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ფართო აზროვნებით, ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც მე ვსწავლობდი და იმ დროს, როდესაც ის სწავლობდა. და ეს ყველაფერი მას ეტყობა.

 

რუსეთი არის რთული და კომპლექსური ქვეყანა. ჩვენ ვერ ავაგებთ ჩვენს მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად იმაზე, რა ხდება შიდა რუსულ პოლიტიკაში. ეს იქნებოდა ძალიან უხეში შეცდომა.

საქართველოს აქვს თავისი გრაფიკი, თავისი ბედი, თავისი გზა. ჩვენი ამოცანდღეს კონკრეტულად, რომ ეს ჯარები გავიყვანოთ და ეს ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს. 



ეს სარკინიგზო სამუშაოები, რომელიც რეალურად ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი ინტერვენციის განხორციელებას და საწყისი ეტაპია ამ ინტერვენციის, იმიტომ, რომ სხვანაირად არ აიხსნება, რასაც ისინი აკეთებენ, ეს არ არის რკინიგზის აღდგენა.

ჩვენ არ შეიძლება რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი ვიყოთ, პირიქით რაც უფრო მეტი გზა იქნება, რაც უფრო მეტი მოძრაობა იქნება,  ეს კარგია. რაც ხდება, ის რკინიგზის აღდგენა არ არის.

 

ჩვენ რკინიგზის აღდგენაზე რუსებს ადრე შევთავაზეთ მოვიყვანოთ  ევროპული კონსორციუმი; ჩავრთოთ ევროკავშირი, გავაკეთოთ საერთაშორისო ტენდერი. და ვაშენებთ ჩვენ უზარმაზარ რკინიგზას სამხრეთ საქართველოში, სიმოვნებით განვაახლებთ ამ რკინიგზის [აფხაზეთის გავლით] მუშაობასაც საერთაშორისო კონტროლის და საერთაშორისო მექანიზმების დაცვით. ახლა რაც იქ ხდება, ეს არის მომზადება  იმისათვის, რომ ა რკინიგზამ გაატაროს ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა, ე.ი. რეალურად დააფიქსიროს საზღვარი ენგურზე.  ყველა სამხედრო ექსპერტი, ეს არის ანი და ბანი, ამას გეტყვით.
ამიტომ ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად იმისა როგორ განვითარდება რუსეთში მოვლენები და თუნდაც რუსეთთან მოვლენები, შევაჩეროთ ახლა ეს ლოკალური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც შეიქმნა და ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან ურყევი.

ეს მოთხოვნა, არა მხოლოდ ჩვენი მოთხოვნა, იხილება ახლა ამერიკა-ევროკავშირის სამიტზე დღეს სლოვენიაში, ეს მოთხოვნა იქნება ამერიკის პრეზიდენტის და საფრანგეთი, გერმანიის პრეზიდენტების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ეს პრობლემა იყო მთავარი თემა განხილვისა, როგორც თვითონ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, მისი შეხვედრების ევროპაში. საქართველოს თემა და მათ შორის ჩვენი  კონკრეტული მოთხოვნები სამართლიანი და დასაბუთებულია საერთაშორისო სამართლით.

 

”რუსთავი 2”: ეს ყველაფერი დაიწყო ცნობილი განკარგულების შემდეგ, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი.  დღეს ყველა საერთაშორისო ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მედვედევია, პუტინი იღებს გადაწყვეტილებას საგარეო პოლიტიკაზე. თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ დიალოგი რომელიც ვერ შედგა პუტინთან, შედგება მედვედევთან?

 

პრეზიდენტი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და რუსეთს დიდი ინტერესები აქვს, ახლა რუსები ძალიან კონცენტრირებულები არიან საქართველოზე.

რუსეთთან ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი, იმიტომ, რომ ამის ალტერნატივა მუდმივი დაძაბულობა, მუდმივი პრობლემებია და საბოლოო ჯამში, ეს დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მაგრამ 16 აპრილის განკარგულება, ჯარების შემოყვანა ყველაფერი ეს არის კონფლიქტის გალღობა, ე.ი. კონფლიქტის ძალიან სახიფათო სტადიაში გადაყვანა.



აქედან გამომდინარე, ახლა ნებისმიერი ჩვენი დიპლომატიური მოქმედება უახლოეს დღეებში და კვირეებში იქნება პასუხი არა იმაზე, რა შეიძლება იყოს მომავალში, არამედ იმაზე რა არის საფრთხე დღეს და რა იყო მიღებული აქამდე. შემდეგ თუ პოლიტიკა შეიცვლება რუსეთის, რაზეც მე იმედი მაქვს, რომ შეიცვლება, ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ რუსეთთან ერთად უნდა მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი უნდა იყოს ამ მოგვარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

მსგავსი/Related

Back to top button