ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს აფხაზეთის მოთხოვნების გათვალისწინებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის წინადადებას რეგიონში ”დაძაბულობის დეესკალაციის” შესახებ.   

”ჩვენთვის ცნობილია, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა თავაზობს ნათელ და ლოგიკურ მოქმედებათა სქემას არსებული საკმაოდ დაძაბული სიტუაციიდან გამოსასვლელად,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”პრეზიდენტი ბაღაფში პირველ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნევს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის საგრძნობი განმტკიცება. პირველ რიგში ეს არის ქართული ფორმირებების გაყვანა ზემო კოდორის ხეობიდან და ძალის არ გამოყენებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. სრულად ვუჭერთ მხარს ასეთ მიდგომას. თუ ამას თბილისში მიიღებენ, რეალური გახდება დაძაბულობის დეესკალაცია, სტაბილურობის განმტკიცება და პერსპექტივაში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ის მიესალმება აფხაზეთში დასავლელი დიპლომატების ვიზიტებს, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა პირველი ხელიდან მიეღოთ ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ.

მაისის დასაწყისის შემდეგ აფხაზეთს სტუმრობდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა; ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებული ელჩები; ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრაიან ფოლი.

”შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოხუმში ჩასული დასავლური დელეგაციები მიზნად ისახავენ აფხაზური ხელმძღვანელობის დარწმუნებას განაახლონ ფაქტიურად ორი წლის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ვინარჩუნებთ რა ერთგულებას კონფლიქტების პოლიტიკური მეთოდებით მოგვარებისადმი, ვთვლით, რომ ასეთი მიზნის დასახვა უდაოდ გამართლებულია. და მაინც არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ შემდეგი. ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლებაზე მუშაობისას, არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ის შეწყდა ქართული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმების და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების უხეში დარღვევის შედეგად. მიამიტური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ერთი მხარე დაუბრუნდება მოლაპარაკებათა მაგიდას იქამდე, სანამ მეორე მხარე საქმით არ დაამტკიცებს თავის ერთგულებას ადრე მიღწეული შეთანხმებების მიმართ”.

მოსკოვი და სოხუმი ერთხმად აცხადებს, რომ თბილისმა 1994 წლის შეთანხმება დაარღვია, როცა გაგზავნა ჯარები ზემო კოდორის ხეობაში 2006 წლის ზაფხულში. თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს პოლიციური ძალები იყო, რაც ტექნიკურად არ წარმოადგენს შეთანხმების დარღვევას.

Back to top button