ახალი ამბები

სააკაშვილი: თბილისი მზადაა მოითხოვოს რუსი სამშვიდობოების გაყვანა

საქართველომ მოამზადა საფუძველი, რათა ოფიციალურად მოითხოვოს რუსი სამშვიდობოების გაყვანა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

თუმცა, მან არ დააკონკრეტა, დადგება თუ არა დღის წესრიგში ეს მოთხოვნა მალე.

”დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ გავაგზავნეთ დსთ-ს სამდივნოში წერილი, რომელიც არ გაგვიხმაურებია და სადაც ჩვენ მოვითხოვეთ კონსულტაციის მექანიზმის ჩართვა, რომელიც იყო ჩვენი რუსეთთან ორმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული. პრაქტიკულად ამ წინადადებაზე პასუხი არ მიგვიღია, ერთი თვე უკვე გავიდა. ახლა ჩვენ ამ საკითხის დასმა შეგვიძლია ნებისმიერ დროს,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 9 ივნისს ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკვე განვლილია ყველა საჭირო პროცედურა იმისათვის, რომ ნებისმიერ დროს მოითხოვოს თბილისმა რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გაყვანა და ამ საკითხზე ინფორმირებულები არიან ასევე საერთაშორისო პარტნიორები.

”ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ ასევე ევროკავშირს; სოლანა იყო აქ და შევატყობინეთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს; ამის შესახებ იციან ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა და ამის შესახებ იციან რუსებმაც,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვით რუსეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ბედი, ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი დიპლომატიური მოქმედებით თავიდან ავიცილოთ ცხელი კონფლიქტის საფრთხე და მეორეს მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხე”.   

მსგავსი/Related

Back to top button