
პრეზიდენტი სააკაშვილი რუს კოლეგასთან შეხვედრის შესახებ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან საუბრის ტონი უკეთესი იყო, ვიდრე ადრე, თუმცა ძირითადი საკითხები კვლავ მოუგვარებელი დარჩა.
9 ივნისს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლოესი მიზანი აფხაზეთთან მიმართებაში არის რეგიონიდან დამატებითი რუსული ძალების გაყვანა და რუსული სარკინიგზო ძალების მიერ დაწყებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შეჩერება.
”მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრის ტონი, ტონალობა, ატმოსფერო განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მე ვარ შეჩვეული რუსეთში ვიზიტების და რუსებთან ურთიერთობის დროს,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”ეს იყო უფრო მშვიდი საუბარი, თუმცა ამავე დროს უნდა ვთქვა, რომ მთავარი საკითხები დარჩა. და მთავარი საკითხი არის ძალიან მარტივი – ახლა, ამ დღეებში, ბოლო კვირებში კონფლიქტი გამოვიდა გაყინული მდგომარეობიდან. აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ის, რაც სამართლებრივად შეიძლება შეფასდეს, როგორც ანექსიის განხორციელება და რეალურად ის, რასაც ახლა აკეთებს სარკინიგზო ძალები, ეს არის დესანტის შემოსვლასთან ერთად სამხედრო ინტერვენციის დასაწყისი”.
მან საგანგებოდ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო თავად რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი თქმით, რაც ახლა აფხაზეთში ხდება არაფერი აქვს საერთო რკინიგზის აღდგენის მიზნებთან. სააკაშვილის განცხადებით, ეს პროცესი უფრო სამხედრო ინტერვენციის შესავალია.
”ეს რაც ხდება, ეს რკინიგზის აღდგენა არ არის. ჩვენ რკინიგზის აღდგენაზე რუსებს ადრე შევთავაზეთ: მოვიყვანოთ ევროპული კონსორციუმი, ჩავრთოთ ევროკავშირი, გავაკეთოთ საერთაშორისო ტენდერი; და ვაშენებთ ჩვენ უზარმაზარ რკინიგზას ახლა სამხრეთ საქართველოში და სიამოვნებით განვაახლებდი ამ რკინიგზის [აფხაზეთის გავლით] მუშაობასაც საერთაშორისო კონტროლის და საერთაშორისო მექანიზმების დაცვით,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ”ახლა რაც იქ ხდება, ეს არის მომზადება იმისათვის, რომ ამ რკინიგზამ გაატაროს ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა, ე.ი. რეალურად დააფიქსიროს საზღვარი ენგურზე”.