
გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო სიის ანულირებას ითხოვს
დღეს რვა პარტიის ოპოზიციურმა ბლოკმა 17 დეპუტატის მომდევნო კანდიდატების საარჩევნო სიის ანულირება მოითხოვა, რაც საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე განაცხადის ნაწილობრივ იურიდიულ გაფორმებას ნიშნავს. საბოლოოდ, ეს პროცედურა გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატების მიერ უფლებამოსილების მოხსნის შემდეგ დასრულდება.
შესაბამისი განაცხადი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით კონსერვატორმა კახა კუკავამ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეიტანა.
ცესკოს-ს ოფიციალური წარმომადგენლის ზურაბ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, განაცხადის წარდგენა საკმარისია 3 დღეში სიის ავტომატურად გაუქმებისათვის.
”ამ გადაწყვეტილების დარეგისტრირებისთანავე უფლებამოსილებას მოხსნიან გაერთიანებული ოპოზიციის სიით არჩეული პარლამენტის წევრებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია უკვე იურიდიულადაც ემიჯნება დე ფაქტო პარლამენტს,”- განუცხადა კახა კუკავამ ჟურნალისტებს.
გაერთიანებული ოპოზიციიდან პარლამენტში მოხვედრილი 17 დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა 7 ივნისის პირველივე სხდომაზე ცნო, ისევე როგორც აღიარა ლეიბორისტული პარტიის სიით გასული 6 პარლამენტარის უფლებამოსილება.
კახა კუკავამ იმედი გამოთქვა, რომ ამ დღეებში სიის განულებას ასევე მოითხოვს ლეიბორისტული პარტიაც.