
ბოკერია კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მოხსენებას აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის (ICG) მოხსენება, რომელიც აცხადებს, რომ თბილისმაც უნდა გაიზიაროს დანაშაული ესკალაციისთვის აფხაზეთში, რადგანაც ის სამხედრო მზადებას ახორციელებდა, ”უსამართლო” და ”არასწორია”.
”საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა დაუცვას მისი თითოეული მოქალაქის უფლებები და დაიცვას ჩვენი სუვერენიტეტი,” – განაცხადა ბოკერიამ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში, ”ნებისმიერი ავტორიტეტული ან ნაკლებად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის აზრს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ნება მომეცით არ დავეთანხმო [მოხსენებას]”.
ბრიუსელში მდებარე კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს გადაწყვეტილი აქვს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ”ქორები” თბილისში სერიოზულად განიხილავენ სამხედრო ვარიანტს. თუმცა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯერ-ჯერობით იმარჯვებენ ზომიერი პოზიციის მქონენი პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში.
”საქართველო არა მხოლოდ არ უშვებს, რომ ეს კონფლიქტი ძალის გამოყენებით მოგვარდეს, არამედ ის ძალღონეს არ იშურებს, რათა აღკვეთოს ისეთი განვითარება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ძალის გამოყენების სცენარს. მაგრამ ეს ვერ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტის ან ჩვენი ტერიტორიის ხარჯზე. ქართველმა ამომრჩეველმა და ქართულმა საზოგადოებამ აირჩია ეს ხელისუფლება, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. იმას, რაც ჩვენ ბოლო დღეების მანძილზე ვიხილეთ [რუსეთის ქმედებები აფხაზეთში], ვერ შეეგუება ვერც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო,” – განაცხადა ბოკერიამ.
”ამრიგად, საკითხის ასეთ კონტექსტში დაყენება, როგორც ეს ციტატაშია მოცემული, უსამართლო, არაზუსტი, არაკვალიფიცირებული და არასწორია,” – განაგრძო მან, ”რისკები კვლავ არსებობს და ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ მოვიპივოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღება, რაც დაეხმარება დაძაბულობის განმუხტვას. ეს რისკები არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ისინი გამოიწვია იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადადგა – და განსაკუთრებით ბოლო თვეებში – მოსკოვმა”.