ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად პეტრე ცისკარიშვილი აირჩიეს

დღეს პარლამენტის პირველივე სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტაციამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი აირჩია.

150-წევრიანი პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობაში  ნაციონალური მოძრაობის მიერ გაყვანილი 119 დეპუტატი შედის.

თუმცა დღეს პარლამენტარებმა თავი შეიკავეს ფრაქციათა შექმნისაგან, რაც ერთ-ერთი სავალდებულო პროცედურა იყო პირველ სხდომაზე. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში შესაძლოა 2 ან 3 ფრაქცია შეიქმნას.

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ფრაქციების თაობაზე კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის ოპოზიციურ ძალებთანაც.  

ფრაქციის შექმნისათვის 7 დეპუტატის ერთობაა საჭირო. თუმცა ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც პარლამენტში გასული ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, რომელიც განსხვავებით გაერთიანებული ოპოზიციისა და ლეიბორისტული პარტიისაგან, მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს, მხოლოდ 6 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში. გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატები დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან.

დავით ბაქრაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა განხორციელდეს ცვლილება,  რომლის მიხედვითაც 6-მდე შეიძლება შემცირდეს ფრაქციის შექმნისათვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ”კონსულტაციების” მოტივით არ დაასახელა პარლამენტის  მომდევნო სხდომა, რაც პირველი შეკრების სავალდებულო პროცედურა იყო. 

მან კიდევ ერთხელ გამოხატა მმართველი პარტიის მზადყოფნა ვიცე-სპიკერის რამდენიმე პოსტი და საპარლამენტო კომიტეტებში თანამდებობები შესთავაზოს ოპოზიციას.  

”ეს არ არის სრული ჩამონათვალი. ჩვენ ველოდებით მათგან წინადადებს, რომელიც მოემსახურება ამ პარლამენტში ოპოზიციის სრულფასოვან წარმომადგენლობას… ჩვენ ველოდებით მათგან თანამშრონლობას,”- განაცხადა პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის სხდომას დღეს სამი ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრებოდა. რამაზ თედორაძე ამ გადაწყვეტილების გამო ლეიბორისტული პარტიიდან გარიცხეს. დანარჩენი ორი დეპუტატი იყო რესპუბლიკური პარტიის წარდგინებით მაჟორიტარული წესით გასული კარლო მუშკუდიანი და რომან მარსაგიშვილი, რომელთა ეს ქმედება ასევე დაგმო რესპუბლიკურმა პარტიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე დამოუკიდებელმა წევრმა (გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა) ასევე მიანიშნა, რომ ისინი შევლენ პარლამენტში, თუ არ იქნება ერთიანი ოპოზიციური ბოიკოტი. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურიაი ასევე ყოყმანობს პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე.    

 

 

Back to top button