ახალი ამბები

ოპოზიციის აქცია დაიშალა

ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს პარლამენტის წინ შეკრებილ რამოდენიმე ასეულ მხარდამჭერს დაშლილიყვნენ და დასძინეს, რომ მომავალ გეგმებზე იწყებენ კონსულტაციებს.

აქციის დაშლამდე გაერთიანებული ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერმა და ლეიბორისტულმა პარტიამ დაადასტურა, რომ ისინი არ აპირებენ შესვლას ახლად არჩეულ პარლამენტში.

ამის სიმბოლური დადასტურების მიზნით, ოპოზიციის ლიდერებმა, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძემ, დავით გამყრელიძემ, კობა დავითაშვილმა, შალვა ნათელაშვილმა და სხვებმა თავიანთი სადეპუტატო მანდატები საჯაროდ დაჭრეს მაკრატლით.

”ჩვენი მიზანია მარტო დავტოვოთ მმართველი პარტია ამ უკანონო პარლამენტში,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. ”სირცხვილი იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც შევლენ ამ პარლამენტში”.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ახლა მას უკვე აღარ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი.

”დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ამ პარლამენტის დათხოვნით, არამედ სააკაშვილის გადადგომით,” – განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

მართალია ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ არ დაესწრებოდნენ პარლამენტის პირველ სხდომას, მათ მიანიშნეს, რომ პარლამენტის ბოიკოტირების წინააღმდეგ არიან.

გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე დამოუკიდებელმა წევრმა (გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა) ასევე მიანიშნა, რომ ისინი შევლენ პარლამენტში, თუ არ იქნება ერთიანი ოპოზიციური ბოიკოტი. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ასევე ყოყმანობს პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე.    

პირველ სხდომას ესწრებოდა ლეიბორისტული პარტიის სიით არჩეული ერთი დეპუტატი რამაზ თედორაძე, ლეიბორისტული პარტიის თქმით, თედორაძე ამ გადაწყვეტილების გამო პარტიიდან გარიცხეს. ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე ასევე შევიდა ორი მაჟორიტარი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან. რესპუბლიკურმა პარტიამ დაგმო ეს ქმედება, თუმცა განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რადგანაც ისინი პარტიის წევრები არ არიან.   
 

Back to top button