ანალიზიახალი ამბები

საქართველომ რუსეთთან ძირითად საკითხებზე გარღვევას ვერ მიაღწია – ტყეშელაშვილი

მიუხედავად ”მეგობრული ტონისა”, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე ვერ იქნა მიღწეული რაიმე გარღვევა თბილისის მიერ წამოჭრილ ძირითად საკითხებზე, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ 6 ივნისს გვიან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

”პრეზიდენტმა სააკაშვილმა აუწყა პრეზიდენტ მედვედევს, რომ საქართველოს მიზანია შეცვალოს აფხაზეთში არსებული სამშვიდობო ფორმატი,”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განცხადებაში, ”ჩვენი მიზანია შევცვალოთ რუსული სამშვიდობო ძალები, რომელიც დსთ-ს მანდატით მოქმედებს, სამოქალაქო საპოლიციო ძალებით, რომელთაც ზედამხედველობას ევროკავშირი და ეუთო გაუწევს. რა თქმა უნდა, მივესალმებით რუსეთის აქტიურ და კონსტრუქციულ მონაწილეობას ამ მცდელობაში”.

თავის რუს კოლეგასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამი ძირითადი პირობა დაასახელა, რომელთა შესრულებაცაა საჭირო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

ეს პირობებია: უკანონოდ განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების გამოყვანა აფხაზეთიდან; სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაუყონებლივ შეწყვეტა; რუსეთის პრეზიდენტის 16 აპრილის განკარგულების განხორციელების დაუყონებლივ შეწყვეტა.

”სამწუხაროდ,  შეხვედრაზე მეგობრული ატმოსფეროს მიუხედავად, ამ საკითხებზე რაიმე პროგრესი ვერ იქნა მიღწეული,” – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 6 ივნისს რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო არ უნდა ეცადოს კონფლიქტების მოგვარებას ნატოს წევრობის გზით.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს სეპარატისტებთან შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე, რაც დაძაბულობის განმუხტვას დაეხმარება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა მოსკოვის პოზიცია არსებული მოლაპარაკების და სამშვიდობო მექანიზმების შენარჩუნების თაობაზე.

ლავროვმა ასევე გაახმოვანა მოსკოვის ადრინდელი პოზიცია და განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები აფხაზეთთან დაკავშირებით, მათ შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, არის აბსოლუტურად ჰუმანიტარული ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამხედრო მიზნებთან, როგორც ამას თბილისი აცხადებს.

პრეზიდენტ სააკაშვილს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეხვედრამდე საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა მოკლე განცხადებები გააკეთეს პრესისთვის.

”გუშინ ვიყავი გერმანიაში, ვესაუბრე გერმანელ კოლეგებს, ისინი ნერვიულობენ რუსულ-ქართული ურთიერთობების ბედზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავად შეგვწევს უნარი გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს არსებობს, გადავლახოთ  სირთულეები, რომელიც გვაქვს და მოვაგვაროთ ისინი დიდი ხნით. თქვენ რას ფიქრობთ?” მიმართა მედვედევმა მიხეილ სააკაშვილს. 

”მე მთლიანად გეთანხმებით,”- განაცხადა სააკაშვილმა რუსი კოლეგის საპასუხოდ, ” მე მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრისა და საუბრის შესაძლებლობით. მე ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა, ახლოს გაცნობა. და მართლაც ვიმედოვნებ ნაყოფიერ, გრძელვადიან თანამშრომლობას და ჩვენ ურთიერთობებში ყველა მტკივნეული საკითხების გადაწყვეტას. მე ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს, არ გადაწყვეტილი ბევრია, მაგრამ გადაუწყვეტადი არ არსებობს. პრაქტიკულად ყველას გადაწყვეტა შეიძლება კეთილი ნების არსებობის, ურთიერთგაგების შემთხვევაში. მართლაც საქართველო და რუსეთი არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან ისტორიულად, კულტურულად, ადამიანურად. დღევანდელი სიტუაცია ხელოვნურია  და ის ხელს არავის არ აძლევს. მე ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ. არსებობს პრინციპული საკითხები, მათ  გადავწყვეტთ”.   

მსგავსი/Related

Back to top button