ახალი ამბები

პატრიარქმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა

პარლამენტის სხდომის გახსნის ცერემონიის დასწრების შემდეგ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.

თავის ძალიან მოკლე მიმართვაში, ილია მეორემ ერთიანობისაკენ მოუწოდა. ”ქართველი ხალხი ერთიანია. ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს… იმედი მაქვს, რომ ერთიანობას მივაღწევთ,”- განაცხადა მან.

პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

”ჩვენი მიზანია დავტოვოთ მმართველი პარტიამ ამ არალეგალურ პარლამენტში,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მიტინგზე გამოსვლისას, ”სირცხვილი იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, ვინც შევლენ პარლამენტში”.

”დღეს ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ამ პარლამენტის დაშლით, არამედ სააკაშვილის გადადგომით,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

რვა პარტიის ოპოზიციურმა ბლოკმა და ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ ახალ პარლამენტს. პარლამენტში მოხვედრილმა ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი მანდატებზე უარს არ იტყვიან, თუმცა პირველ სხდომას არ დაესწრებიან.

გაერთიანებული ოპოზიციის ორმა სუბიექტმა გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას. ანალოგიური პოზიცია გამოხატა ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა და ოპოზიციური ბლოკის წევრმა.

Back to top button