
პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს მიმართა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრებს მიმართა და პარლამენტის სხდომა შემდგარად და გახსნილად გამოაცხადა.
”მინდა მივესალმო მის უწმინდესობას, წმინდა სინოდის წევრებს, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, საქართველოს მთავრობას და რაც მთავარია, მე მინდა მივესალმო ქართველ ხალხს, იმ ხალხს, რომლის თვალი დაგვტრიალებს მუდმივად და გვიყურებს, რომ შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენ მივეცით მას.
მე მინდა მივესალმო საქართველოს მრავალეთნიკურ მოსახლეობას. ჩვენი სისუსტე კი არ არის მრავალფეროვნება, არამედ ეს არის ჩვენი სიძლიერე. ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი საქართველოში უნდა გრძნობდეს, რომ ისინი არიან ერთიანი ქართველი ერის, ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები, ბატონ-პატრონები და მათ აქვთ წვილი საქართველოს გამარჯვებაში და საქართველოს მომავალი მათ ეკუთვნის, ეთნიკური წარმომავლობის ქართველ მოქალაქეებთან ერთად თანასწორად.
მე მინდა ვთქვა, რომ დიდი მუშაობაა გაწეული ამ დარბაზში წინა მოწვევის პარლამენტების მიერ. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა წინა ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მის მიერ გაწეული ძალიან კარგი და ძალიან სასარგებლო საქმეებისთვის.
მე მინდა ვუთხრა პარლამენტის ყველა წევს, მათ შორის იმ ხალხს, ვინც არ არიან პარლამენტში შემოსულები და არჩეული, მაგრამ თავისი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაში, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში.
ჩვენმა ხალხმა ჩვენ დაგვაკისრა ძალიან დიდი ფუნქცია და ძალიან დიდი როლი. მე მიხარია, რომ ყველა ასაკის ადამიანები არიან წარმოდგენილი ამ პარლამენტში ძალიან ახალგაზრდები და გამოცდილი, უფრო ჭარმაგი და საშუალო ასაკის ადამიანები.
მე მიხარია, რომ არიან წარმოდგენილნი საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები, სათანადო დონით. ყველა რეგიონია წარმოდგენილი, ბუნებრივია, იმ რეგიონი გარდა, რომელშიც ჯერ მშვიდობა არ დაბრუნებულა, რომელშიც არ ჩატარებულა ეს საპარლამენტო არჩევნები, თუ არ ჩავთვლით ზემო აფხაზეთს – მე ვლაპარაკობ აფხაზეთში ჩვენ პრობლემაზე და ჩვენ ტკივილზე.
მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარლამენტის ვადა ეს უნდა იყოს საქართველოში სიღარიბის დაძლევის, საქართველოში დასაქმების, საქართველოში იმ დიდი პრობლემების აღმოფხვრის ვადა, რომელიც ჩვენ ყველას შეგვხვდა მემკვიდრეობით.
ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ აღმოგვეფხვრა, მაგრამ ძალიან ბევრად მეტია სამუშაო.
ეს არის ჩვენი სულიერების გაძლიერების ვადა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი შემდგომი მშენებლობის ვადა, ეს არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კავშირის შემდგომი განმტკიცების და გაძლიერების ვადა ისევე, როგორც სხვა აღმსარებლობის უფლების დაცვის ვადა, მათ შორის იმ ხალხისა, ვინც ცხოვრობს საქართველოში.
საქართველოს შეჰყურებს დღეს მთელი მსოფლიო. ქართველმა ხალხმა გასული წლის შემოდგომაზე გადალახა ურთულესი პოლიტიკური კრიზისი და გადალახა იმის ხარჯზე, რომ მოახდინა დემოკრატიული კონსოლიდაცია, მოახდინა დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით გამოსვლა პოლიტიკური კრიზისიდან, მშვიდობიანი დემოკრატიული მეთოდებით გადაწყვეტა იმისა, რაც ბევრს ხელ არ ეწიფება.
მე მინდა მივმართო ჩვენ ხალხს. ჩვენ თქვენ იმედებს გავამართლებთ.
მე მინდა მივმართო საქართველოში ყველა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა, თქვენ მოგცათ ხმა და მისცა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს – როგორი პირადი წყენაც არ უნდა მოგვაყენოს ვინმემ, როგორი ცუდი სიტყვებიც, არასასურველი სიტყვებიც არ უნდა გვეძახონ, როგორი შეტევებიც არ უნდა განახორციელონ ჩვენზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენი მთავარი ფასეულობა არის საქართველოს ერთიანობა. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი, როგორი პოლიტიკური წარმომავლობისაც არ უნდა იყვნენ ისინი.
ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, რომ საქართველო დავყოთ ზომიერებად და რადიკალებად, აგრესიულებად და ნაკლებად აგრესიულებად, ჩვენ არა გვაქვს ამის ფუფუნება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ჩვენ თანამემამულეს გავუწოდოთ ხელი, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ჩვენი თანამემამულე გრძნობდეს, რომ ის არის წარმოდგენილი ქვეყნის მმართველობაში, ყველაზე პატარა ჯგუფიც კი გრძნობდეს, რომ მას აქვს საშუალება უფლება და ამას სჭირდება მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა, წარმოდგენილი იყოს ქვეყნის მმართველობაში, წარმოდგენილი იქნეს ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში.
თქვენი პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება ისტორიული ამოცანა. შემდეგი წლები არის საქართველოს ისტორიული ამოცანების გადაწყვეტის წლები.
მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც მე შარშან მივიღე გადაწყვეტილება გადავმდგარიყავი და დამენიშნა ხელახალი არჩევნები, გამოვდიოდი არა იქიდან, რომ ჩვენ არ შეგვეძლო შარშან ხელისუფლების შენარჩუნება, ამოვდიოდი არა იქიდან, რომ ერთი წლით ან თუნდაც მეტით გამეხანგრძლივებინა საპრეზიდენტო ორი ვადა საერთო ჯამში.
ამოვდიოდი იქიდან, რომ შემდეგი წლებია გადამწყვეტი წლები საქართველოსთვის. ამიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი მანდატი, ახალი ენერგია რეფორმებისთვის იმიტომ, რომ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ მათი შუა გზაზე მიტოვება არ შეიძლება. საქართველოს მომავალი არის შემდგომ რეფორმებში, ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებებში, იმიტომ მოგვცა ხალხმა ასეთი ძლიერი მანდატი, უნიკალურად ძლიერი მანდატი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომ ხალხმა ირწმუნა და დაგვაკისრა ეს ვალდებულება. ჩვენ რაც ავიღეთ მოვალეობა და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, ჩვენ ამას ყველანი ერთად შევასრულებთ.
მე მინდა მოგესალმოთ მე მინდა გისურვოთ პარლამენტის მუშაობაში დიდი წარმატება. მე მინდა გამოვაცხადო ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტის სხდომა გახსნილად. პარლამენტი გამოცხადდება დღეს შემდგარად და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენი მუშაობა იწყება ახლა. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ გავამართლოთ ხალხის იმედები. ღმერთი იყოს ჩვენი საქართველოს მფარველი”.