
პარლამენტის სხდომა 7 ივნისს შედგება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 7 ივნისს დანიშნა.
”საქართველოს პრეზიდენტმა 389-ე განკარგულებით, საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 7 ივნისს დაინიშნა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ოპოზიცია, რომელიც პირველი სხდომის ჩატარებას 9 ან 10 ივნისისთვის ელოდა, უკვე გამოაცხადა, რომ აპირებს საპროტესტო აქციის დაწყებას პარლამენტის წინ.
”ოპოზიციის ლიდერები დღეს 12 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის შენობის წინ და დილით ვინც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს იქ დავხვდებით. ხალხის შეკრების მხრივ პრობლემა არ იქნება. ხალხი აუცილებლად შემოგვიერთდება,” – განუცხადა Civil.Ge-ის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ.
”ჩვენ ისევე გავიგეთ პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ ტელევიზიით, როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ, რაც არის სამარცხვინო. ჩვენ ვიკრიბებით დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად პარლამენტის შენობის წინ ღამე 12 საათზე და ხვალ იქ ვიქნებით. დანარჩენს, თუ როგორ ვიმოქმედებთ, უკვე შეკრების დროს გადავწყვიტავთ,”- განაცხადა გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან.