ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები ხავიერ სოლანას ხვდებიან

საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები თბილისში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანასს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული პოსტსაარჩევნო ვითარება გააცნეს.

”ვეცდებით, რომ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ არა მარტო არჩევნებზე, არამედ ზოგადად რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით ამ ქვეყანაში,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ შეხვედრის დაწყებამდე, ”პრაქტიკულად ტოტალიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდა ნაცვლად იმ გაცხადებული დემოკრატიული წყობისა, რომელზეც საუბრობს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი”.

გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ქვეყანა მხოლოდ მოიგებს, თუ ევროკავშირის მიერ ”მოხდება ოპოზიციის აზრების სწორი გაზიარება”.

”საქართველოში გაჩნდა ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მან ოჯახისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ხავიერ სოლანასთან შეხვედრაზე. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების შემთხვევაში, ევროკავშირი მათ სოლიდარობას გამოუცხადებს.

”სამწუხაროდ ბატონი ხავიერ სოლანას ვიზიტი ვერ შეცვლის საქართველოში არსებულ ვითარებას, იმ ტერორისტულ და მკვლელების რეჟიმს, რომელიც ჩამოყალიბდა სააკაშვილის სისტემის სახით,”- განაცხადა ნათელაშვილმა, ”ისიც უნდა შევახსენოთ, რომ დასავლეთმა სამწუხაროდ ხელი შეუწყო ამ ტირანის გაზრდას იმით, რომ დახუჭა თვალები ერთ მკვლელობაზე, მეორეზე, მესამეზე, არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობაზე, ყველაფერზე”.  

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ის რეალურ პოლიტიკურ სურათს წარუდგენს და შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის შესაძლო ვარიანტებს შესთავაზებს ხავიერ  სოლანას. 

”ამ თვალსაზრისით ევროკავშირის და დასავლური დემოკრატიული სამყაროს გავლენას საქართველოში შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე თუ საბოლოოდ განმსაზღვრელი არა, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,”- განაცხადა თარგამაძემ.

შეხვედრას ასევე დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. მან შეხვედრამდე განაცხადა: ”ევროკავშირს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, ისე კონფლიქტების მოგვარებაში საქართველოს დახმარების მიმართულებით. მე მექნება მთელი რიგი შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხისთვის დახმარება შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ეფექტური”.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე ხავიერ სოლანა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს შეხვდა. დღესვე ის ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.  

Back to top button