
ბუში საქართველოს საკითხს აშშ-ევროკავშირის სამიტზე დააყენებს
საქართველოს საკითხი სლოვენიაში მომავალ კვირას დაგეგმილი აშშ-ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში შევა, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტეფან ჰედლიმ 4 ივნისს.
”ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზეთთან მიმართებაში, და მოუწოდებენ პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზებს შორის,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”ვვარაუდობთ, რომ ლიდერები ასევე მოუწოდებენ რუსეთს უარი თქვას სეპარატისტულ რეგიონებში პროვოკაციულ ქმედებებზე და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”.
პრეზიდენტი ბუში თავის ევროპულ ტურნეს 9 ივნისს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც ის მონაწილეობას მიიღებს აშშ-ევროკავშირის სამიტში; ტურნეს ფარგლებში იგი ასევე ეწვევა გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ვატიკანს და გაერთიანებულ სამეფოს.
ამასობაში, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ ბიდენმა განაცხადა 4 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
”გამოსავალი დაძაბულობის განმუხტვისთვის იქნებოდა დსთ-ს სამშვიდობოების შეცვლა ახალი ძალით,” – განაცხადა რეზოლუციის თანაავტორმა ჯოზეფ ბიდენმა განცხადებაში.
რეზოლუციის ავტორებს შორის ასევე არიან მელ მარტინესი, რესპუბლიკელი სენატორი ფლორიდის შტატიდან და რუჩარდ ლუგარი, რესპუბლიკელი სენატორი ინდიანას შტატიდან.
”ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აწარმოოს ინტენსიური საერთაშორისო დიპლომატიური კონტრშეტევა რუსეთის მცდელობების წინააღმდეგ მოახდინოს საქართველოს და რეგიონის დესტაბილიზაცია,” – განაცხადა ლუგარმა.
”საქართველოს ხელისუფლებამ გრძელი გზა განვლო დემოკრატიის გაძლიერებისკენ და ბევრს მუშაობს, რათა გადალახოს საბჭოთა მმართველობის ბნელი დღეების დანატოვარი. მათ ახლა ჩვენი მხარდაჭერა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს,” – განაცხადა სენატორმა მარტინესმა.