ახალი ამბები

ერაყში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

28 წლის სერჟანტი ირაკლი კორძაია ერაყის პროვინცია დაილაში 4 ივნისს საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვისას დაიღუპა, განაცხადა საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილემ გიგა ტატიშვილმა. 

”ერაყული გამშვები პუნქტის დაბომბვისას გამოძახებული იქნა ჩვენი დამხმარე ჯგუფი და ხელმეორედ დაბომბვისას დაღუპული იქნა ჩვენი მე-13 ბატალიონის ათეულის მეთაური, სერჟანტი ირაკლი კორძაია,”- განაცხადა 5 ივნისს საგანგებო ბრიფინგზე გიგა ტატიშვილმა,  ”შემთხვევა გუშინ ადგილობრივი დროით 21 საათზე მოხდა”.

ბოლო ორ თვეში ეს უკვე მესამე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ერაყში დაიღუპა. 2 მაისს თვითნაკეთი ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა ორი ქართველი ჯარისკაცი  – ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე.

2003 წლის აგვისტოდან ქართული ძალების ერაყში განთავსების შემდეგ სულ 21 ქართველი სამხედრო დაშავდა ან გარდაიცვალა.  

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დეკემბერში ალ კუტში ერთი ქართველი სამხედრო ავტოავარიაში დაიღუპა, ოქტომბერში კი ერთმა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შარშან საქართველომ თავისი ძალები ერაყში 850-დან 2000-მდე გაზარდა, ხოლო ამ  ზაფხულს მათი 300-მდე შემცირება იგეგმებოდა. თუმცა, მარტში პრეზიდენტ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ერაყში 2 ათას კაციანი კონტიგენტი შენარჩუნდება.

 

 

Back to top button