ახალი ამბები

ეუთოში ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხი განიხილება

რუსეთის და საქართველოს დელეგაციები ეუთოში ორმხრივ კონსულტაციებს გამართავენ ორგანიზაციის ფინური თავმჯდომარეობის მონაწილეობით, სადაც 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს განიხილავენ.

კონსულტაციებს მოყვება განხილვები ამავე თემაზე უფრო ფართო ფორმატში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში.

ეს პროცედურა მოყვა ქართული მხარის გადაწყვეტილებას აამოქმედოს ე.წ. ვენის მექანიზმი ინციდენტთან დაკავშირებით. 1999 წლის ეუთოს ვენის დოკუმენტი ავალებს წევრ სახელმწიფოებს კონსულტაციები გამართონ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან ”მათი სამხედრო ძალების რაიმე უჩველო და დაუგეგმავ მოქმედებებთან დაკავშირებით”.

ამ მექანიზმის ფარგლებში ეუთოში რუსეთის დელეგაციის მიერ ქართული მხარისთვის გაგზავნილ ოფიციალურ ნოტაში რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ 20 აპრილის ინციდენტი ვერ ჯდება ვენის დოკუმენტის ჩარჩოებში, რადგანაც, როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს ინციდენტი იყო ”ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკითხი” და მასთან არაფერი აქვს საერთო. რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც საქართველომ და გაეროს დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ თვითმფრინავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო, ”საეჭვოა”. ანალოგიური პოზიცია დაიკავა რუსეთმა 30 მაისს, ინციდენტის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილვისას

რუსეთის დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ საქართველო თავად უწყობს ხელს დაძაბულობის გაღვივებას კონფლიქტის ზონაში ფრენების განხორციელებით, რაც, მოსკოვის თქმით, დასრულდა შვიდი ქართული თვითმფრინავის ჩამოგდებით აფხაზეთის საჰაერო თავდაცვის მიერ.   

თავის საჯარო განცხადებებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდაპირველად მხოლოდ 20 აპრილს ერთი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დაადასტურეს. გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღიარა, რომ თბილისმა ორი უპილოტო თვითმფრინავი იზარალა.

თუმცა, ქართული მხარის მიერ 1 ივნისს ეუთოში რუსეთის დელეგაციისთვის გაგზავნილ ნოტაში, თბილისმა აღიარა სამი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი.

”ქართული მხარე ადასტურებს სამი უპილოტო თვითმფრინავის განადგურების ფაქტს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ (ხმელეთი-ჰაერი საჰაერო თავდაცვის სისტემა ”ბუკი” SA -11), რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩნდა კონფლიქტის ზონაში,” – ნათქვამია ქართული დელეგაციის ნოტაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ მაისის დასაწყისში დაადასტურა, რომ აფხაზურ მხარეს გააჩნია ხმელეთი-ჰაერი საჰაერო თავდაცვის სისტემა ”ბუკი”.

4 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მცდელობა თვითმფრინავის ინციდენტის საკითხი ეუთოში დააყენოს არის თბილისის კიდევ ერთი ცდა ”კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს, რომელიც არ წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს”.

”ფაქტები იმაზე მიანიშნებს, რომ თბილისმა დაგეგმა ყველა ბოლოდროინდელი პროვოკაცია,” – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.

ამასობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 4 ივნისს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა კვლავ რჩება, სატელეფონო საუბარი 3 ივნისს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის ”თბილად და კონსტრუქციულად” წარიმართა.

ორი პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარე კვირას სანკ-პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება.       

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 4 ივნისს განაცხადა, რომ შეხვედრა გაიმართება ძალიან ”რთული სიტუაციის” ფონზე.

”რუსეთის [ბოლოდროინდელი ქმედებები] არის აშკარა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ,” – განაცხადა მან, ”მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის ერთი ნაწილის ანექსიისთვის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია”.   

ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთში რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით სარკინიგზო ჯარების შეყვანის თაობაზე ამ ინტერვენციის დასაწყისია. 

Back to top button