
უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრი იური ეხანუროვი დღეს ქართველ კოლეგას დავით კეზერაშვილს შეხვდა და ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, მხარეებმა ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გააქტიურებაზე და სუამის ფარგლებში სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს.
”ეს არის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ჩვენი მეგობარი, რომელიც გვერდში გვიდგას ყველა პრობლემის გადაწყვეტაში არც თუ ისე ადვილ დროს,”- განაცხადა კეზერაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ”ჩვენ ვისაუბრეთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, იმ მხარდაჭერაზე, რომელიც შეუძლია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და მთლიანად უკრაინამ აღმოუჩინოს საქართველოს”.
უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის წარმატებული გამოცდილება აქვს და თუ ოფიციალური კიევი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში სამშვიდობო მისიის გამოგზავნის შესახებ, ”ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ იქ, სადაც მთავარსარდალი გვიბრძანებს”.
დღესვე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.