
გაჩეჩილაძეს ნარკომანისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოაჩნდა
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს მას შემდეგ, რაც მან ნარკოტესტი ორჯერ გაიარა, ნარკომანისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოაჩნდა, ნათქვამია ნარკოლოგიის ინსტიტუტის ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წარსადგენ დასკვნაში.
ორი დღის განმავლობაში გაჩეჩილაძის ირგვლივ მედიაში აჟიოტაჟი ატყდა იმის გამო, რომ მის ორგანიზმში აღმოჩნდა ნივთიერება კოდეინი.
”ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის ალკალოიდი – კოდეინის მიღების ფაქტი,”- ნათქვამია ნარკოლოგიური ინსტიტუტის დასკვნაში, თუმცა ”ნარკოლოგიის ინსტიტუტის ხელთ არსებული მონაცემებით, [ლევან გაჩეჩილაძე] აღრიცხვაზე არ იმყოფება”.
გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ექიმებისთვის არ დაუმალავს, რომ თავის ტკივილის წინააღმდეგ იყენებს პრეპარატს სოლპადეინს, რომელიც მცირე დოზით შეიცავს კოდეინს.
”აქ თურმე შედის კოდეინი, რომელიც ასევე შედის ბავშვების ძალიან ბევრ ხველების თუ თავის ტკივილის წამლებში. ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო პრეპარატი, რომელსაც ვსვამ ხოლმე როცა მტკივა თავი,”- განუცხადა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს, ”მე ნამდვილად არ მიფიქრია ის, რომ ეს ამხელა სკანდალს გამოიწვევდა”.
ნარკოლოგიური შემოწმება სავალდებულო პროცედურაა დეპუტატის მანდატის მისაღებად. ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნების ცესკო-ში წარდგენის ვადა დღეს 18 საათზე იწურება.
ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ეს პროცედურა გაიარეს მიუხედავად იმისა, რომ უარის თქმას აპირებენ მანდატებზე. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტარობაზე უფლებამოსილების ცნობის შემდეგ იტყვიან უარს.
ნარკოლოგიური შემოწმებისას სკანდალში გაეხვა ასევე მმართველი პარტიის გამსვლელი სიის 48-ე ნომერი ლევან მენაბდე, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. მან განმეორებითი ტესტის პასუხების დალოდების გარეშე 3 ივნისს განაცხადა, რომ უარს ამბობს დეპუტატის მანდატზე.