
ნატო მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სარკინიგზო ძალები აფხაზეთიდან
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ძალების განთავსება აფხაზეთში ”ხელს უწყობს არასტაბილურობას ამ ისედაც სახიფათო რეგიონში,” განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
”მე შეშფოთებული ვარ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში რამდენიმე ასეული რუსული სამხედრო მოსამსახურის განლაგების გამო,” – განაცხადა მან. ”როგორც ჩანს, რუსეთის სარკინიგზო ძალების ამ განლაგებას რაიმე იურიდიული საფუძველი არ გააჩნია; ეს არ ხდება დსთ-ს სამშვიდობო მისიის ფარგლებში და ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების ნებას”.
”არსებითად, ეს განლაგება აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც ნატო ძლიერ უჭერს მხარს. ეს ძალები გაყვანილ უნდა იქნან და რუსეთი და საქართველო სასწრაფოდ უნდა ჩაერთონ მაღალი დონის და ღია დიალოგში, რათა განმუხტონ დაძაბულობა”.