
სახალხო დამცველი არჩევნებზე დასკვნას ამზადებს
საერთაშორისო დამკვირვებლებმა იციან რა ხდება საარჩევნო პერიოდში საქართველოში, თუმცა მათი შეფასებები არ არის ბოლომდე ადეკვატური, აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ვენას სტუმრობდა, სადაც ეუთო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობდა.
”მე მათ ვუხსნიდი, თუ რა ხდება იმ ფასადის მიღმა,”- განაცხადა სოზარ სუბარმა, ”ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა რატომღაც შეფასებები ზოგჯერ არ არის ბოლომდე ადეკვატური, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”.
სახალხო დამცველის განცხადებით, მისი აპარატი იკვლევს ყველა დარღვევას, რაც უკავშირდება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას და უახლოეს პერიოდში სპეციალურ დასკვნას გამოაქვეყნებს.
”ჩვენ ვიკვლევთ ყველა საკითხს, მათ შორის არჩევნები როგორ ჩატარდა, რა ხდებოდა არჩევნებამდე, რა ხდება არჩევნების შემდგომ დღეებში,”- განაცხადა დღეს სოზარ სუბარმა, ”უახლოეს პერიოდში ჩვენს დასკვნას გამოვაქვეყნებთ და გავაცნობთ საზოგადოებას, რომ ყველამ იცოდეს მტერმაც და მოყვარემაც, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც – რა ხდება რეალურად ქვეყანაში”.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტიების აქტივისტებზე ბოლო პერიოდში გახშირებული ზეწოლისა და თავდასხმების ფაქტებზე. გაერთიანებული ოპოზიციის მონაცემებით, მათი და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებზე ფიზიკური ანგარიშსწორების 10-ზე მეტი შემთხვევა მოხდა.
”პრაქტიკულად დაიწყო ტერორი განსხვავებული აზრის მიმართ,”- განაცხადა სუბარმა,”ამ ბოლო დღეებში ვისმენთ, რომ ადამიანებს იჭერენ, სცემენ, ხვდებიან ნიღბიანი ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ მათ აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მხოლოდ იმის გამო, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში არიან გაერთიანებულები ან კომისიის წევრები არიან”.