
ჟურნალისტები რადიო ”იმედის” ხელმძღვანელობის სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ
რადიო ”იმედის” ხელმძღვანელობის სამსახურიდან დათხოვნის გასაპროტესტებლად დღეს ასამდე ჟურნალისტმა ხელი მოაწერა სპეციალურ განცხადებას, სადაც ეს ”არამართლზომიერი” ფაქტია დაგმობილი.
რადიო ”იმედის” დირექტორი ნონა ყანდიაშვილი და გენერალური დირექტორი ირაკლი ხეთერელი ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” ახალმა მფლობელმა ჯოზეფ ქეიმ სამსახურიდან 30 მაისს გაათავისუფლა. ქეიმ ახალი დირექტორად რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ტყეშელაშვილის პრესსამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ნინო გაბრიაძე დანიშნა. ”იმედი” ერთ-ერთი რეიტინგული რადიოა საქართველოში.
”აღშფოთებულები ვართ ჩვენი კოლეგების მიმართ განხორციელებული ქმედებით და მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. მოვითხოვთ, დააბრუნონ კვალიფიციური პროფესიონალები – ნონა ყანდიაშვილი და ირაკლი ხეთერელი – უკან სამსახურში, რათა მათ საკუთარი მოვალეობა ისეთივე პასუხისმგებლობით და ხარისხიანად შეასრულონ, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში, ”ამგვარი არამართლზომიერი და ტენდენციური გადაწყვეტილება საზოგადოებას უსპობს საშუალებას, მიიღოს ხარისხიანი, ობიექტური ინფორმაცია რადიო “იმედის” მეშვეობით”.
საქართველოს ჟურნალისტები, რომლებიც დღეს პროტესტის გამოსახატავად სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ, მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სათანადო შეფასება მისცენ ამ ფაქტს.
ნონა ყანდიაშვილის განცხადებით, მან არ იცის სამსახურიდან დათხოვნის რეალური მიზეზი. თუმცა ის საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს მას შემდეგ, რაც მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველს გაარკვევს.
”ჯოზეფ ქეიმ მითხრა, რომ აქვს ძალიან ბევრი ბიზნესი საქართველოში და არ უნდა, რომ მის ბიზნესს საფრთხე შეექმნას,”- განუცხადა Civil.ge-ს ნონა ყანდიაშვილმა, “როცა ადამიანი გეუბნება, რომ მე მაქვს ბიზნესი, რადიო არის ობიექტური, მაგრამ არ მინდა შემექმნას საფრთხე, არ ვიცი, მას უნდა ჰკითხოთ ვინმე რამეს თუ ემუქრებოდა?”
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ”შემაშფოთებელი” უწოდა სიტყვის თავისუფლების მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. მისი თქმით, ”პოლიტიკა, რაც არის სიტყვის თავისუფლებაზე ლაგამის ამოდება და ჟურნალისტების დატერორება, გრძელდება”.
”პრაქტიკულად, დაიწყო ტერორი განსხვავებული აზრის მიმართ, როგორც კი სიტყვის თავისუფლების ჩახშობა მივა ბოლომდე, ჩვენ აღმოვჩნდებით იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც მოჩვენებითი დემოკრატიაც კი არ არის,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სტუდია ”მაესტროს” ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა რადიო ”იმედში” მომხდარი სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად შეაფასა.
”აქ საქმე გვაქვს სხვა მოვლენასთან, მოვლენასთან, რომელსაც სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ჰქვია,”- განაცხადა მამუკა ღლონტმა.
დღესვე მან გაახმოვანა ჟურნალისტების უფლებების დამცველი ორგანიზაციის შექმნის გეგმები და ყველა ჟურნალისტს მოუწოდა თავისუფალი სიტყვის დასაცავად გაერთიანებისკენ.
”ეს ორგანიზაცია იქნება ყველა იმ ჟურნალისტის, ვინც თვლის, რომ სიტყვის თავისუფლებას დღეს საფრთხე ემუქრება,” – განაცხადა მამუკა ღლონტმა, ”ძალიან ბევრი ჟურნალისტი თვლიდა, რომ იცხოვრებდა კარგად, იქნებოდა პოპულარული, ექნებოდა სამსახური, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის… არიან ჟურნალისტები, რომლებიც სჭირდებათ დღეს და არ იქნება საჭირო ხვალ”.