Placeholder canvas
ახალი ამბები

რესპუბლიკელები ოპოზიციას პარლამენტის პიკეტირების წინააღმდეგ აფრთხილებენ

ახლადარჩეული პარლამენტის პირველის სხდომის ბლოკირების ნაცვლად, უმჯობესია ოპოზიციამ გაათვითცნობიეროს დროებით განცდილი მარცხი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში და მოემზადონ პროტესტის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, განაცხადა რესპუბლიკურმა პარტიამ 3 ივნისს.

რვა პარტიის ოპოზიციურმა ბლოკმა და ლეიბორისტულმა პარტიამ მხარდამჭერებს ფართომასშტაბიანი აქციისაკენ მოუწოდეს ახალი პარლამენტის  შეკრების დღეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ აპირებს პარლამენტის შენობის პიკეტირებას, რათა არ შეუშვას მმართველი პარტიის დეპუტაცია. მათი განცხადებით, ამ აქციის მიზანია აიძულონ ხელისუფლება დანიშნოს ხელახალი არჩევნები.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში მოსახვედრად არასაკმარისი ხმები – 3% აიღო 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, გააფრთხილა ოპოზიცია, რომ არ მისცენ ”ნდობადაკარგულ, უპასუხისმგებლო და გაბოროტებულ ხელისუფლებას საბაბი ფართომასშტაბიანი რეპრესიების განსახორციელებლად”.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 3 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება პარლამენტის პიკეტირებას გამოიყენებს საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობის გასამართლებლად, რასაც კიდევ უფრო მეტი რეპრესიები მოჰყვება ოპოზიციის წინააღმდეგ.

დავით უსუფაშვილი გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში შეეცადა აეხსნა რესპუბლიკური პარტიის პოზიცია, რომელიც ალტერნატიულ ხასიათს ატარებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციათა რადიკალიზაციის ფონზე –  ოპოზიცია ერთის მხრივ მოუწოდებს აქციებისკენ და აცხადებს, რომ არ დაუშვებს პარლამენტის შეკრებას; ხელისუფლება კი აფრთხილებს, რომ პარლამენტის ფუნქციონირების ხელის შეშლის უფლებას არავის მისცემს.

”თუ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეეცდებიან პარლამენტის პიკეტირებას და შენობაში პარლამენტის წევრების არშეშვებას, ხელისუფლებას მიეცემა მყარი სამართლებრივი არგუმენტი ძალის გამოსაყენებლად,”- წერს უსუფაშვილი, ”შესაბამისად, დემოკრატიული სამყარო გაამართლებს ხელისუფლების მოქმედებას, როგორც ძალის ლეგიტიმური გამოყენების შემთხვევას. ეს კი, თავის მხრივ, ხელისუფლებას მისცემს ფართომასშტაბიანი რეპრესიების განხორციელების საშუალებას “აჯანყებულთა ქსელის გამოსავლენად” და “კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად”. ამ პროცესიდან ხალხი და ოპოზიცია გამოვა პოლიტიკურად, სამართლებრივად და ემოციურად დამარცხებული… სააკაშვილი კი არ მიიღებს გადადგომის ულტიმატუმს, არამედ გამოიყენებს მას ფართომასშტაბიანი რეპრესიების გასამართლებლად და ოპოზიციური მოძრაობის რამდენიმე წლით ჩასახშობად”.

”სააკაშვილის “ქორები” ამიტომაც ემზადებიან პიკეტირების დღისთვის ხელების ფშვნეტით და ანთებული თვალებით,”- დასძენს უსუფაშვილი.

სტატიაში, რომელიც ასევე შეიცავს მწვავე გამონათქვამებს ზოგიერთ ”ქარაფშუტა” ოპოზიციონერზე, უსუფაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია შეეცადა გადაეთქმევინებინა ოპოზიციური პარტიებისთვის პიკეტის მოწყობის გეგმები.

”პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ 2003 წელს ხელისუფლება პარლამენტის პიკეტირებამ და პარლამენტის შენობაში ხალხის შესვლამ კი არ შეცვალა, არამედ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომამ,”- აცხადებს უსუფაშვილი, ”შესაბამისად, გასააზრებელია არა ის, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პარლამენტის შენობის პიკეტირება, არამედ ის, მოყვება თუ არა ამ აქციას სააკაშვილის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა”. 

რესპუბლიკელთა ლიდერი ზოგიერთ ფაქტორს გამოყოფს, რომელიც შეუძლებელს ხდის ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარის გამეორებას. მისი თქმით, მაშინ შევარდნაძის ხელისუფლება იყო სუსტი და ”გამოფიტული”. 

”სააკაშვილი არის აბსოლუტური ძალაუფლებით გონებაარეული მმართველი, რომლის პოლიტიკური ჟანდარმერია აკონტროლებს თითოეული მოქალაქის გადაადგილებასაც კი და რომელსაც დასავლეთის გავლენიანი  წრეები საჯაროდ თუ პირადად უცხადებენ სრულ მხარდაჭერას “დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციასთან” ჭიდილში,”- წერს უსუფაშვილი.

იგი ასევე ამბობს, რომ განსხვავებით 2003 წლის მოვლენებისგან, როცა ოპოზიციას აქტიურად  უჭერდა მხარს ”რუსთავი 2”, მსგავსი საინფორმაციო მხარდაჭერა დღევანდელ ოპოზიციას არ აქვს.

უსუფაშვილი ასევე ვარაუდობს, რომ ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის ინფლაცია და სამუშაო ადგილების შემცირება, გარდაუვალია შემოდგომისთვის, რადგან ”იანვრის საპრეზიდენტო და მაისის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებას უკიდურესად ძვირი დაუჯდა – აქტივისტების დასასაქმებლად და ამომრჩევლის მოსასყიდად უკვე გაფლანგულია უზარმაზარი თანხები (საბიუჯეტო, ბიუჯეტში წინასწარ შემოტანილი, ბიუჯეტის გარეთ აკრეფილი, კერძო სექტორისთვის “შეწერილი” და სხვა)”.

”შესაბამისად, შემოდგომისთვის მოსალოდნელია სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმება, რამაც შესაძლოა ახალი მძლავრი საპროტესტო ტალღა ააგოროს. ამიტომ, სააკაშვილის გეგმებშია ოპოზიციის განეიტრალება და მასმედიაზე კონტროლის გაძლიერება (რადიო “იმედის” “რეორგანიზაცია” ბოლო მარგალითია…), რაც მარტივად მიიღწევა “ჩახშობილი აჯანყების” სცენარით და რასაც შესანიშნავ საფუძველს უქმნის პარლამენტის პიკეტირების მცდელობა,”- აცხადებს უსუსფაშვილი. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მოუწოდებს ოპოზიციას უარი თქვას პარლამენტის პიკეტირების ”პოლიტიკურად მიზანშეუწონელ” და სარისკო გეგმაზე და დაიწყოს ”ბრძოლის ახალი ეტაპი სრულიად ახალი მეთოდებით”.

ერთ-ერთ უკანასკნელ სატელევიზიო გამოსვლაში უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს, თუმცა მან დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ თუ ეს გეგმა შესრულდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულამდე ჩატარდება.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე საჯაროდ უარყვეს რესპუბლიკელების მოწოდება.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქვს ამას [პროტესტს] აზრი,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ”ახლა დაწყებული არის ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მხრიდან ადამიანების გადაბირება, ზეწოლა, ზემოქმედება მათზე, რომ პიკეტირება როგორმე არ მოხდეს”. მან იქვე დასძინა, რომ არ უგულისხმია, რომ რესპუბლიკელებიც ამ ზეწოლის ქვეშ მოექცნენ.

 

 

 

 

 

მსგავსი/Related

Back to top button