
რესპუბლიკელები პარლამენტის პიკეტირებას პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიიჩნევენ
რესპუბლიკური პარტია ”კატეგორიულად მიუღებლად” და ”სარისკოდ” მიიჩნევს პარლამენტის შენობის პიკეტირებას ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სესიის დაბლოკვის მიზნით და მოუწოდებს გაერთიანებულ ოპოზიციაა და ლეიბორისტულ პარტიას უარი თქვან ამ განზრახვაზე, რადგან ეს ”ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს”.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია მიმდინარე მოვლენებზე, ოპოზიციონერ პარტნიორებს ასევე მოუწოდა არ მისცენ ”ნდობადაკარგულ, უპასუხისმგებლო და გაბოროტებულ ხელისუფლებას საბაბი ფართომასშტაბიანი რეპრესიების განსახორციელებლად, რისთვისაც [ხელისუფლებაში] ემზადებიან”.
”თუ მოხდება პარლამენტის პიკეტირება, სააკაშვილი მას გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ამცნოს მსოფლიოს, რომ მას საქართველოში ჰყავს მოძალადე ოპოზიცია, რომ ეს ოპოზიცია არის დასავლური ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი, რომ საქართველოში თითქოს მზადდებოდა აჯანყება თუ გადატრიალება და ეს მას საფუძველს მისცემს, არგუმენტს შეუქმნის, რათა განახორციელოს ფართომასშტაბიანი რეპრესიები,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ”მითუმეტეს, რომ ლეგენდის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შექმნილია ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა ტელეგადაცემებში, გაზეთების ფურცლებზე ზოგიერთი ყველაზე უფრო “მამაცი” ოპოზიციური ლიდერის ქარაფშუტული ბაქი-ბუქით. სააკაშვილის სპეცსამსახურებს მსოფლიოს მიერ დაგმობილი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებაც აღარ დასჭირდებათ – პირდაპირ ეთერებში გაკეთებული განცხადებების კოლაჟს დაატრიალებენ და “აჯანყების” და “გადატრიალების” მცდელობაც სახეზე იქნება”.
მისი თქმით, იმის გაცხადება, რომ ამ აქციას ხელისუფლების შეცვლა მოჰყვება, ”არასწორია”.
”ყოველგვარი ანალოგიები 2003 წლის ნოემბერთან და მაშინ შექმნილ სიტუაციასთან არის უსაფუძვლო, ვინაიდან არც ერთი კომპონენტი, რამაც 2003 წლის ნოემბერს განაპირობა ხელისუფლების შეცვლა, დღეს არ არის სახეზე და აქედან გამომდინარე ეს არის სასოწარკვეთილი თავგანწირვა ან უპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც რესპუბლიკური პარტია ვერ გაიზიარებს,”- აცხადებს უსუფაშვილი.
მისი თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში უპასუხისმგებლო თავგანწირვა არის არა გმირობა, არამედ ”უპატიებელი შეცდომა”, რომელიც ოპოზიციის ლიდერებმა არ უნდა დაუშვან.
”პოლიტიკოსი, რომელიც ვეღარ ხედავს გამოსავალს და ჩიხური სიტუაციის განცდა ეუფლება, ხალხს უაზრო და უშედეგო სასაკლაოსკენ კი არ უნდა გაუძღვეს, არამედ სახლში უნდა დაჯდეს და თუ ქვეყანას ვერ არგებს, არ უნდა ავნოს მაინც,”- აცხადებს უსუფაშვილი.
დღეს კი ისეთი კრიზისული ვითარებაა შექმნილი, აღნიშნავს უსუფაშვილი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის შიდა და გარეპოლიტიკურ სტაბილურობას, არამედ ”მისი მოქალაქეების პირად უსაფრთხოებასაც”.
თუმცა, მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია ზოგადად არ არის საპროტესტო აქციების მოწყობის წინააღმდეგი.
”საქართველოს რესპუბლიკური პარტია განსაცდელის ჟამს ყოველთვის იდგა და კვლავაც იდგება ხალხის გვერდით, მაგრამ სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია ისეთი აქციის ჩატარება, რომელსაც მხოლოდ მძიმე და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს,”- აცხადებენ რესპუბლიკელები. ”მეტიც, ამ აქციის შედეგად სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება მნიშვნელოვნად გადავადდება. ესე იგი, აქციით არათუ მიზანს ვერ ვაღწევთ (ვერ ვცვლით ხელისუფლებას), არამედ ამ მიზანს ვშორდებით კიდეც”.
უსუფაშვილის მოსაზრებით, პარლამენტის პიკეტირება შეუძლებელს გახდის იმ გეგმების რეალიზებას, რომელზეც ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, კერძოდ ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის შექმნას, რომელსაც უსუფაშვილის თქმით, უმჯობესია ეროვნული სათათბირო ერქვას.
”სწორედ ეს ორგანო, შესაძლოა, გახდეს ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც სათავე უნდა დაუდოს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის ახალ ტალღას,” – აცხადებს უსუფაშვილი.