ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ოპოზიციას მონიტორინგის ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ოპოზიციის მოთხოვნა შეიქმნას მონიტორინგის საბჭო, რომელიც საინფორმაციო გადაცემების კონტროლს განახორციელებს.

რვა პარტიის ოპოზიციურმა გაერთიანებამ 27 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე და არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მოითხოვა ”საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნა, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები შევლენ და საინფორმაციო გადაცემების კონტროლს განახორციელებენ”.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან გახელაძემ 30 მაისს განაცხადა, რომ საბჭოსთვის მიუღებელია ეს ”ულტიმატუმი” არხზე ცენზურის დაწესების მცდელობის გამო. მან ეს განცხადება სამეურვეო საბჭოს შვიდი წევრის სახელით გააკეთა. საბჭო 9 წევრისაგან შედგებოდა; თუმცა 30 მაისს ყოფილმა თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ განაცხადა, რომ ის ტოვებს თანამდებობას არხის ტენდენციურობის გამო. ამჟამად სამეურვეო საბჭოში 8 წევრია. კიდევ ერთმა წევრმა მიხეილ ჭიაურელმა ხელი არ მოაწერა საბჭოს გადაწყვეტილებას.

სამეურვეო საბჭომ ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს მსჯელობას ოპოზიციის კიდევ ორ მოთხოვნაზე, რომელთაგან ერთი  მდგომარეობს  ყოველდღიურად ერთი საათის განმავლობაში ოპოზიციისთვის პირდაპირი ეთერის დათმობაში და მეორე კი იმ ვიდეომასალის ჩვენებაში, რომელიც 26 მაისს გამართული მიტინგის კადრებს ასახავს.

Back to top button