
სააკაშვილი ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს და თანამდებობებს სთავაზობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მზადაა მისცეს საპარლამენტო თანამდებობები და მინისტრების პორტფელები. მან ასევე გააფრთხილა, რომ ხელისუფლება ძლიერია ისე, როგორც არასდროს და მისთვის პრობლემების შექმნის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს.
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის სიით და მაჟორიტარული წესით 21 მაისს არჩეულ მომავალ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელთაც არჩევნებში მანდატების 2/3-ის მოპოვება მოულოცა.
გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია, რომელთაც 5%-იანი ბარიერი ასევე გადალახეს, ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ”არალეგიტიმური” არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველზე ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. მესამე ოპოზიციურ პარტიას – გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებს ჯერ არ მოუღიათ გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირებისა და დეპუტატების შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაში მონაწილეობის შესახებ.
”მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დრო დგება საქართველოში, ამავე დროს მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისკენ,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ”მე კარგად მესმის ოპოზიციის თუნდაც ყველაზე რადიკალური ნაწილის წყენა, მე მესმის მათი მედგაცრუება არჩევნების შედეგებით, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ქვეყანა, საქართველო ეკუთვნის ყველას – უმრავლესობასაც, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, ზომიერებსაც, რადიკალებსაც, აგრესიულებსაც და ნაკლებად აგრესიულებსაც”.
მან ასევე განაცხადა, რომ ადასტურებს ერთგულებას იმ დაპირებისადმი, რომელიც ოპოზიციისთვის მართვის გარკვეული ბერკეტების მიცემას ეხება.
”ჩემი დაპირება იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია არ მავალდებულებს მთავრობის ხელახლა წარდგენას პარლამენტისთვის დასამტკიცებლად, ამ დაპირებას ჩვენ შევასრულებთ უახლოეს დღეებში. ჩვენი დაპირება იყო, რომ ოპოზიციას მივცემდით სერიოზულად ბერკეტებს პარლამენტში და ამ დაპირებებს ჩვენ შევასრულებთ. ჩვენ მზად ვართ მათ მივცეთ მთელი რიგი თანამდებობები, მათ შორის ვიცე-სპიკერის დონეზე, კომიტეტების დონეზე და უფრო მეტიც, მე მინდა დავადასტურო ჩემი შეთავაზება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურ უმრავლესობას ვფლობთ ახლა და ჩვეულებრივ, სხვა ქვეყნებში ამას მთავრობები არ გააკეთებდნენ, ჩვენ მზად ვართ ასევე მთავრობაში შევთავაზოთ მათ ადგილები, თუ ისინი ამას მოისურვებენ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ წინადადებების უკან ქვეყნის ინტერესები დგას, რადგან ”ჩვენი ქვეყანა საჭიროებს გამთლიანებას, საჭიროებს ჭრილობების მოშუშებას”. ამავე დროს, პრეზიდენტმა ხაზის გაუსვა, რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში ”იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იყოს უფრო ძლიერი”.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის ”თანამშრომლობის, მეგობრობის, ურთიერთდიალოგის და საქართველოს გარშემო გაერთიანებისთვის” გაწვდილი ხელი არ უნდა იქნას აღქმული ხელისუფლების სისუსტედ.
”მე მგონი ილუზია დღეს არავის არა აქვს, რომ ხელისუფლებას თავისთავად პრობლემებს ვერავინ ვერ შეუქმნის. ხელისუფლება არის ძალიან ძლიერი, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ იმ ზღვარს, რომლის იქითაც პრობლემა ექნება მთლიანად ჩვენ ქვეყანას,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”არცერთმა ჩვენგანმა ისეთი რამე არ უნდა გავაკეთოთ, რომლითაც ძირს ვუთხრით ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ჩვენი ქვეყნის პოზიციას ამ ურთულეს საგარეო ურთიერთობებში”.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში ”არის ქვეყნის გამარჯვება”.
”ხალხმა მართლა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა და დნობის მანდატი მოგვცა, რომელიც უნდა გავამართლოთ,”- მიმართა მან საპარლამენტო უმრავლესობის მომავალ წევრებს, ”ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს მთლიანად საქართველოს, ასევე იმ ხალხს ვინც სხვა პარტიებს დაუჭირა მხარი და საქართველოს ინტერესებისთვის უნდა ყველამ ერთად ვიღვაწოთ”.