ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებას პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის გამოცხადებას თხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გამოაცხადოს პარლამენტის შეკრების თარიღი, რათა ოპოზიციამ შეძლოს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების ორგანიზება.

”მივმართავ ხელისუფლებას, რომ თავი დაანებოს კუკუ დამალობანას და სასწრაფოდ გამოაცხადოს პირველი სესიის დღე, რათა ჩვენ მთელი ოპოზიციური სპექტრი ვიყოთ მობილიზებული ამ დღისთვის, რომ საქართველოში სიმართლემ იზეიმოს,”- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე.

კანონის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა მაქსიმუმ 10 ივნისს უნდა შედგეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი არჩევნების შედეგები 8 ივნისამდე უნდა შეაჯამოს.

”მოვუწოდებთ მთელს საქართველოს, თბილისს, რეგიონებს არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დღეს შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რათა მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ არაკანონიერ პარლამენტს შეკრების საშუალება,”- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.  

მან ასევე მოუწოდა გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ასევე მოხვდა პარლამენტში, თუმცა ბოიკოტზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მოუღია  და სხვა ოპოზიციურ ძალებს შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომლის პარტიამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა, თუმცა უარს აცხადებს მანდატების მიღებაზე, ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა კიდევ ერთხელ შეახსენა.

”არ ვცნობთ 21 მაისის არჩევნების ლეგიტიმურობას, უარს ვაცხადებთ პარლამენტის წევრობაზე და მოვითხოვთ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე, ”მიგვაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის მასობრივი, მშვიდობიანი პროტესტის გზით ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე”.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ლეიბორისტებმა ასევე მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას ”ადეკვატური რეაგირება მოახდინონ საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე და მიმართონ ხელისუფლებას ბათილად ცნონ 21 მაისი არჩევნების შედეგები”.

ოპოზიციის მიზანია, რომ მათი ბოიკოტის ფონზე არ დაუშვან პარლამენტის პირველი შეკრება, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას  – ნაციონალურ მოძრაობას აქვს.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა 29 მაისს განაცხადა, რომ ოპოზიცია აპირებს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებას, რათა არ შეუშვან ახლად არჩეული დეპუტატები პარლამენტის შენობაში.

”მოვუწოდებ ხალხს აჯანყებისკენ ხელისუფლების წინააღმდეგ,” – განაცხადა დავითაშვილმა გადაცემა Primetime-ში, ”ჩვენ პარლამენტის ბლოკირებას მოვახდენთ და არ მივცემთ ამ უკანონო ორგანოს სხდომის ჩატარების საშუალებას”.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ამავე თოქშოუში საუბრისას განაცხადა, რომ ”ამ ავტორიტარულმა რეჟიმმა” ხალხს აჯანყების გარდა სხვა შანსი არ დაუტოვა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა: ”მე ვფიქრობ, აჯანყება არ იქნება შესაძლებელი, რადგანაც ხალხს არ გააჩნია ბერკეტები; ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია… ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის პიკეტის მოწყობა და პარლამენტის ბლოკირება”.  

 

 

 

Back to top button