ახალი ამბები

რუსეთის მხრიდან კონკრეტული შემოთავაზებები არ ყოფილა – ლომაია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ რაიმე კონკრეტული შემოთავაზებები, რაც დაეხმარება ორმხრივ ურთიერთობებში კრიზისის დაძლევას, რუსულ მხარეს არ დაუყენებია.

პრეზიდენტი სააკაშვილი 29 მაისს თბილისში რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს იური ზუბკოვს შეხვდა.

მოგვიანებით, ალექსანდრე ლომაიამ, რომელიც ასევე დაესწრო შეხვედრას, განაცხადა: ”სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი რუსი კოლეგებისგან ვერავითარი სიახლე ვერ მოვისმინეთ. ჩვენ გვქონდა გარკვეული მოლოდინი, რომ ის წარმომადგენლები, რომლებიც გამოგზავნილები იყვნენ, ჩამოიტანდნენ რაღაც წინადადებებს, მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ კრიზისიდან გამოსვლა და ასეთი მოსაზრებები ჩვენ ვერ მოვისმინეთ.და მაშინ  როდესაც ურთიერთობები იმყოფება ასეთ კრიტიკულ ფაზაში ყოველი დღე ნათელი წარმოდგენის გარეშე რუსეთის მხრიდან, რომ ამ კრიზისის დასაძლევად საჭირო არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, კიდევ უფრო ართულებს ვითარებას”.

თუმცა მანამდე, შეხვედრის დასრულებისთანავე ლომაიამ განაცხადა: ”დადებითია თავად ის ფაქტი, რომ რუსეთმა ოფიციალური წარმომადგენელი გამოაგზავნა საქართველოში.”

”ამ ვიზიტის მიზანი იყო ორ პრეზიდენტს შორის დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგის დეტალების დადგენა. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველომ აცნობა რუსეთის წარმომადგენელს ის ძირითადი საკითხების თაობაზე, რომელთაც ჩვენი ურთიერთობები კრიზისში შეიყვანა; ეს არის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტიურად გაუქმდა საქართველოს სუვერენიტეტი მისი ტერიტორიის ნაწილზე და კიდევ ერთი საკითხი არის [რუსეთის დამატებითი სამშვიდობო] ძალების განთავსება აფხაზეთში. ეს ის საკითხებია, რომლებიც, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, უნდა გადაწყდეს კრიზისის მოსაგვარებლად და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ვფიქრობ, ეს პრობლემები გაიგო ჩვენმა რუსმა კოლეგამ და ახლა დაველოდებით შეხვედრას ორ პრეზიდენტს შორის”.

Back to top button