ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭო ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტს განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო 30 მაისს განიხილავს 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს. თვითმფრინავი, გაეროს დამკვირვებელთა მისიის თქმით, რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.

Associated Press-ი იტყობინება გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მოსკოვს სურდა, რომ შეხვედრას აფხაზური მხარეც დასწრებოდა, თუმცა გადაიფიქრა, რადგანაც თავიდან აეცილებინა ინციდენტის განხილვის დაბლოკვა.

”ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ არ არის შესაძლებლობა აფხაზური მხარის დასწრების,” – განაცხადა მან, ”მათი მონაწილეობის გარეშე ის არ იქნება ობიექტური, დეტალური და სერიოზული”.

საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთის  წინადადება გაეროში აფხაზური მხარის მოწვევის თაობაზე ”ფუნდამენტალურად არღვევს გაეროს ეგიდით მიმდინარე ჟენევის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში არსებულ შეთანხმებებს”.

”მე ძნელად წარმომიდგენია ეს ინსტიტუტი, რომელიც ნებას დართავს სეპარატისტებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა განახორციელეს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფორუმში,” – განაცხადა ალასანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”გულწრფელად რომ ვთქვა, არა მგონია, რომ რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ამგვარი პრეცედენტის დაშვება, რადგანაც შემდეგ წამოიჭრება კითხვები, თუ რატომ არ შეუძლიათ სეპარატისტული მოძრაობების სხვა წარმომადგენლებს დაესწრნენ გაეროს ფორუმებს”.

”ამრიგად, მიმაჩნია, რომ დროა რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ გაეროში შეწყვიტოს ამგვარი ბერკეტების გამოყენება უშიშროების საბჭოში და უშიშროების საბჭოს სხდომის საბოტირება ამ მიზეზის გამო,”- აღნიშნა მან.

საქართველომ რუსეთს ”აგრესიის აქტის” გამო ოფიციალურად ბოდიშის მოხდა და ”მატერიალური ზარალის ანაზღაურება” მოსთხოვა.

რუსეთის თქმით, გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქართული უპილოტო თვითმფრინავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო, ”საეჭვო მტკიცებულებებს” ეყრდნობა.

ამასობაში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ინციდენტის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქართული ”დიპლომატიის გარღვევაა”.

 

მსგავსი/Related

Back to top button