ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარემ პოსტიდან წასვლა გადაიფიქრა

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ 27 მაისს განაცხადა, რომ იგი გადადგომას აპირებდა, მეორე დღეს მან შეცვალა ეს გადაწყვეტილება.  

თუმცა, ტრიპოლსკიმ განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პოსტზე, თუ საბჭოს სხვა წევრები გაითვალისწინებენ საბჭოს როლის გაძლიერებისკენ მიმართულ  მის წინადადებებს.

”მე პარასკევს შევხვდები საბჭოს წევრებს და ჩემს წინადადებებს გავაცნობ. მინდა, რომ ეს შეხვედრა საჯარო იყოს და ჟურნალისტებიც დაუშვან ამ შეხვედრაზე,” – განაცხადა ტრიპოლსკიმ რადიო ”უცნობში” საუბრისას 28 მაისს, ”თუ ჩემი წინადადებები მისაღები იქნება საბჭოს წევრებისთვის და თუ ისინი ერთ გუნდად მუშაობას დათანხმდებიან, მაშინ მე შესაძლებლად მიმაჩნია ამ თანამდებობაზე დარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის მიზეზი არ არსებობს”.

მან უარი თქვა იმ წინადადებების დაკონკრეტებაზე, რომელთა შეთავაზებასაც საბჭოს წევრებისთვის აპირებს და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ შეხვედრაზე გახდება ცნობილი. თუმცა, მისი საუბრიდან ნათელი გახდა, რომ იგი უკმაყოფილოა იმ მცირე ძალაუფლების გამო, რომელიც სამეურვეო საბჭოს გააჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით.

ტრიპოლსკიმ 27 მაისს განაცხადა, რომ იგი ტოვებს თანამდებობას იმის გამო, რომ მისი თქმით, არხი ტენდენციურად აშუქებს მოვლენებს.

თუმცა იგი ამ გადაწყვეტილების გამო რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და ოპოზიციასთან ასოცირებულმა არასამთავრობო ჯგუფმა გააკრიტიკა. მათ განაცხადეს, რომ ტრიპოლსკის გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს სახელმწიფოს ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და აღნიშნეს, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა ამ ზეწოლის შეწინააღმდეგება ტელევიზიის შიგნიდან, ვიდრე თანამდებობის დატოვება.

ტრიპოლსკის თქმით, მან შეცვალა თავისი გადაწყვეტილება ამ ”სასიამოვნო ზეწოლის” შემდეგ. 

 

Back to top button