ახალი ამბები

იაკობაშვილი სამშვიდობო ოპერაციის შეცვლის გეგმებზე

თბილისი გეგმავს, რომ აფხაზეთში მოქმედი რუსული სამშვიდობო ოპერაცია საერთაშორისო სამოქალაქო კომპონენტით ჩაანაცვლოს, რომლის ეგიდითაც საპოლიციო ფუნქციებს რეგიონში ქართველები და აფხაზები განახორციელებენ.

”ეს ხარისხობრივად და თვისობრივად საერთოდ სხვა ძალებია. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება ათასობით უცხოელი ჩვენ ტერიტორიაზე. ლაპარაკია, რომ პოლიციელები იქნებიან ქართველები და აფხაზები, რეგიონში მცხოვრები სხვა მოსახლეობა, რომელთაც გაწრთვნიან და დროის რაღაც მონაკვეთში მენეჯმენტს გაუწევენ საერთაშორისო საპოლიციო ძალები,”- განუცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 28 მაისს ”რუსთავი 2”.

მან ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის სურვილია, რომ ახალი სამშვიდობო ოპერაცია ეუთოს ეგიდით ქვეშ მოექცეს.

”საერთაშორისო საპოლიციო ძალები შედგენილი იქნებიან, ჩვენი წარმოდგენით, ძირითადად ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან, მინდა აქვე დავამატო, რომ ჩვენ რუსეთსაც ევროპულ სახელმწიფოდ განვიხილავთ,”- აღნიშნა იაკობაშვილმა.  

მან ფორმატის გადახედვაზე წინადადებათა პაკეტის მომზადების შესახებ ინფორმაცია 27 მაისს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაახმოვანა.

იმავე სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს არსებული ფორმატის ჩანაცვლებაზე ”სერიოზულ საუბარს” რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან 6-7 მაისს სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე. მან ასევე დაავალა მინისტრებს გაააქტიურონ მცდელობები ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად ევროპელ პარტნიორებთან.

”ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო ინტენსიური კონსულტაციები ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რათა ფორმატის ცვლილების კონსულტაციები წარიმართოს კონსტრუქციულად და არ იყოს დაკავშირებული რაიმე სახის ესკალაციასთან,”- განაცხადა სააკაშვილმა 27 მაისს, თუმცა იქვე განაგრძო, ”მაგრამ თავის მხრივ ამ ფორმატის შენარჩუნება დაკავშირებულია სერიოზულ რისკთან უსაფრთხოებისთვის და ასევე ესკალაციის შემდგომი გაღრმავების საფრთხესთან. ამიტომ ჩვენ პრაქტიკულად ამ ბოლო მოქმედებებით არჩევანის  და მანევრის საშუალება გვაქვს ძალიან შეზღუდული”

მსგავსი/Related

Back to top button