
სხეფერი საქართველოსა და უკრაინის შესახებ
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 27 მაისს განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ”დემოკრატიული სიმწიფე გამოავლინონ და რეფორმების განხორციელების გზაზე დარჩნენ”.
”ჩვენ შევთანხმდით ბუქარესტში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ჩვენ ასევე შევთანხმდით დავიწყოთ ორივე ქვეყანასთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ინტენსიური ჩართვის პერიოდი, რათა მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც მათი წევრობის სამოქმედო გეგმას ეხება,” – განაცხადა სხეფერმა ბერლინში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომაზე გამოსვლისას.
”მნიშვნელოვანია, რომ როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ გამოიჩინონ დემოკრატიული სიმწიფე და დარჩნენ რეფორმების განხორციელების გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ საქართველოს და მის ურთიერთობებს რუსეთთან და კვლავაც მოვუწოდებთ ზომიერებისა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ. მე ვუხელმძღვანელებ ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში მომავალ თვეში და საქართველოში სექტემბერში, რომლის დროსაც ჩვენ ყველა შესაბამის საკითხს განვიხილავთ. შემდეგ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის დროს თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის პირველ შეფასებას გააკეთებენ,” – განაცხადა სხეფერმა.