
ევროკავშირის ელჩები აფხაზეთს ეწვევიან
თბილისში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თორმეტი დიპლომატი 30-31 მაისს აფხაზეთში ჩავა.
საფრანგეთის, ნიდერლანდების, იტალიის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის და შვედეთის ელჩები, ასევე დიპლომატები გერმანიის, პოლონეთის და ესტონეთის საელჩოებიდან მოლაპარაკებებს გამართავენ აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან, პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან. საფრანგეთის საელჩო თბილისში იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა გაგრასა და გალში.
”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ ევროკავშირის კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა 6 ივნისს გეგმავს სოხუმში ჩასვლას.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 29 მაისს განაცხადა, რომ იგი აუწყებს ევროკავშირის დიპლომატებს, რომ სოხუმის პოზიცია ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების აღდგენაზე უცვლელია.
”მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის საქართველომ უნდა გამოიყვანოს თავისი ძალები ზემო კოდორის ხეობიდან და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 28 მაისს განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე, თუ დაიწყება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესი.
აფხაზეთის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა თბილისის მცდელობა არსებული სამშვიდობო ოპერაციის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების თაობაზე და გააფრთხილა, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანას შესაძლოა საომარი მოქმედებების განახლება მოყვეს.