
სამშვიდობო პროცესი უნდა დაიძრას და ესკალაცია შეჩერდეს – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრამდე ორი კვირით ადრე განაცხადა, რომ ”ძალიან სერიოზული და რთული” ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი რუსეთთან ერთად უნდა მოიძებნოს, რადგან კონფლიქტების გასაღები დღეს რუსეთშია.
მიხეილ სააკაშვილის და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა 6-7 ივნისს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე იგეგმება.
დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა გამოყო ის სამი საკითხი, რასაც ქართულმა დიპლომატიამ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ნიადაგი უნდა მოუმზადოს.
”ეს უნდა ეფუძნებოდეს აღდგენას 16 აპრილის წინანდელი მდგომარეობის, ე.ი გაუქმებას იმ სრულიად უკანონო მოქმედებების, რომელიც პრაქტიკულად ითვალისწინებდა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის ცნობის შეწყვეტას რუსეთი ფედერაციის მხრიდან; ეს გულისხმობს დამატებითი უკანონო ფორმირებების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და ეს გულისხმობს არსებული ფორმატის ჩანაცვლებაზე სერიოზულ საუბარს და არა უბრალოდ მეგაფონურ დიპლომატიას,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
”მაინც მინდა, რომ მოვსინჯოთ ეს თავად რუსეთის ახალ პრეზიდენტთან. მე ვფიქრობ, ჩვენ და რუსეთის ინტერესებში და მათ შორის რუსეთის ახალი პრეზიდენტის ინტერესებში შედის და იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული, რომ მოხდეს არსებული სიტუაციის განმუხტვა. სიტუაცია რჩება ძალიან სერიოზულად, ძალიან რთულად ბოლო დიპლომატიური და რეალურად აქტიურობა ადგილზე ამას ყველაფერს ადასტურებს,”- განაცხადა მან.
მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების მთავარი გასაღები დღეს რუსეთის ხელშია.
”აქ მთავარი გასაღები დღეს არის რუსეთი ხელში. ამაზე ილუზია ნურავის ნუ ექნება. და ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ერთად სიტუაციაში კარგად გარკვევა და ჩიხიდან გამოსავლის ძებნა. ჩიხში ჩვენ შეგვიყვანა იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებული იქნა 16 აპრილს,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სამშვიდობო პროცესი რეალურად უნდა დაიძრას ადგილიდან და ესკალაციის საფრთხე შენელდეს.
”ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახლა 24-საათიან რეჟიმში, დაველოდოთ ასევე პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრას, სანამ რაიმე სახის სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებდეთ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ სრულიად ნათელია, რომ საქართველო ვერ დარჩება ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ ყველანი ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ველოდებით მორიგ პროვოკაციას, მორიგ შედეგებს 16 აპრილის უკანონო გადაწყვეტილებისა”.
მან ასევე ისაუბრა ”არაეფექტური” სამშვიდობო ფორმატების გადახედვის საჭიროებაზე, სადაც წამყვანი როლი რუსეთს უკავია როგორც მოლაპარაკებათა, ისე სამშვიდობო ოპერაციების კუთხით.
”დღევანდელი ფორმატი თავად რუსეთის მიერ პრაქტიკულად არის ფაქტობრივად გაუქმებული იმიტომ, რომ რუსეთი, რომელიც ერთის მხრივ, პრეტენზიას აცხადებს სამშვიდობო როლზე და მეორეს მხრივ, ახორციელებს შეიარაღებულ აქტებს იმავე სახელმწიფოს მიმართ, სადაც მას სამშვიდობო როლზე აქვს პრეტენზია, პრაქტიკულად ამ სამშვიდობო როლს აუქმებს და ეს არის ფაქტი უკვე იურიდიულად დადასტურებული ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”
მისი თქმით, ქართულმა დიპლომატიამ, როგორც რუსეთთან ისე დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიური კონსულტაციების გზით ყველა საშუალება ბოლომდე უნდა ამოწუროს ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ”რთული და დიდ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება”.
”ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო ინტენსიური კონსულტაციები ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რათა ფორმატის ცვლილების კონსულტაციები წარიმართოს კონსტრუქციულად და არ იყოს დაკავშირებული რაიმე სახის ესკალაციასთან,”- განაცხადა მან, თუმცა იქვე განაგრძო, ”მაგრამ თავის მხრივ ამ ფორმატის შენარჩუნება დაკავშირებულია სერიოზულ რისკთან უსაფრთხოებისთვის და ასევე ესკალაციის შემდგომი გაღრმავების საფრთხესთან. ამიტომ ჩვენ პრაქტიკულად ამ ბოლო მოქმედებებით არჩევანის და მანევრის საშუალება გვაქვს ძალიან შეზღუდული”.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მომზადებულია წინადადებათა პაკეტი, რომელიც რუსი სამშვიდობოების ნაცვლად ევროპული პოლიციური ძალების შემოყვანას ითვალისწინებს კონფლიქტის ზონაში.
”ევროპაში ასეთი განცდა, როგორც მინიმუმ, იყო რომ რუსები აღარ არიან მიუკერძოებელი მხარე და ამ გაეროს დასკვნამ, მე მგონი ეს დაადასტურა,”- განუცხადა პრეზიდენტს სახელმწფო მინისტრმა, ”ჩვენ ევროპელებთან გვაქვს ძალიან ინტენსიური საუბარი იმაზე, რომ ჩანაცვლდეს სამხედრო ოპერაცია სამოქალაქო ოპერაციით და შემოვიდნენ რუსი სამშვიდობოების ნაცვლად ევროპული პოლიციური ძალები”.
მან მოსკოვში 16-17 მაისს გამართულ შეხვედრებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თავად რუსეთშიც არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია ფორმატების გადახედვაზე.
”დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რუსეთს არ აქვს მიღებული რამე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. ისინი ელოდებიან რაღაც ახალ სიგნალებს, მაგრამ მე მგონი უკვე კარგად ხვდებიან, რომ არსებული ფორმატები უკვე აღარ მუშაობს და მათ თავის თავი ამოწურეს,”- აღნიშნა იაკობაშვილმა.