ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინიტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად მოითხოვა რუსეთის მხარისაგან ოფიციალური ბოდიშის მოხდა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტის გამო, სათანადო კომპენსაცია მიყენებულ მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით და გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთაშორისო ინსპექცია.

ეს მოთხოვნები დღეს საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს გააცნეს მას შემდეგ, რაც გაეროს დამკვირვებელთა მისიამ  26 მაისს გამოაქვეყნა საგამოძიებო დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ  გამანადგურებელი, რომელმაც 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითფრინავი ჩამოაგდო, რუსული იყო.

”გულწრფელად რომ ვთქვა, მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ იმ ადამიანების პროფესიონალიზმს, რომლებიც მუშაობდნენ გაეროს მისიიდან, მაგრამ დიდ ეჭვებს იწვევს ის მასალები, რომლებზეც მუშაობდნენ ეს პროფესიონალები,”- განუცხადა ჟურნალისტებს ქართველ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ კოვალენკომ, ”საქმე ეხება იმ ფირს, რომელიც წარუდგინეს  უკვე თითქმის მთელ მსოფლიოს და რადარების მონაცემები. რაც შეეხება რადარების მონაცემებს, ჩვენი საკუთარი გამოცდილება გასული წლის აგვისტოში, როცა იყო ცნობილი ინციდენტი წითელუბანში, ისე როგორც მაშინ ეს იყო წარმოდგენილი ქართული მხარის მიერ, გამოიწვია ძალიან დიდი ეჭვები. და ამჯერადაც ყველაფერი იწვევს ბევრ ეჭვს”.    

 

Back to top button