
მმართველი პარტია თავის ხმებს ”ყველა საშუალებით” დაიცავს
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ადმინისტრაციული სტრუქტურების, მათ შორის ახალი პარლამენტის მუშაობის ბლოკირებას.
ოპოზიციამ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მისი მიზანია ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლა, რათა შემდეგ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ”ჩვენი მთავარი მიზანია არ დავუშვათ, რომ პარლამენტმა პირველი სხდომა მოიწვიოს, თუნდაც პარლამენტში შეჭრის ფასად,” – განაცხადა ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. მან მხარდამჭერებს ფართომასშტაბიანი აქციისკენ მოუწოდა პარლამენტის პირველი სხდომის წინა ღამიდან, რათა შენობის ბლოკირება მოახდინონ და არ შეუშვან დეპუტატები შიგნით.
”ადმინისტრაციული სტრუქტურების მუშაობა არ შეფერხდება… და პარლამენტი იქნება მოწვეული, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს,” – განაცხადა 26 მაისს დეპუტატმა მმარველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა, რომელიც ხელახლა აირჩა ახალ პარლამენტში.
გადაცემა Primetime-ში საუბრისას მან ასევე განაცხადა: ”არავის აქვს უფლება შეაფერხოს პარლამენტის მუშაობა”.
”აჯანყების მუქარა ჩვენთან არ გაუვათ,” – განაცხადა ახლადარჩეულმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა იმავე თოქშოუში, ”ამ არჩევნებში მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი და მინდა ვუთხრა მათ, რომ მათი არჩევანი ყველა საშუალებით იქნება დაცული. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი პროტესტი გამოხატოს, მაგრამ თუ ვინმე წითელ ხაზებს გადაკვეთს – თუ იქნება ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრის და სხვების თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები – პასუხი იქნება ადეკვატური. ჩვენ არ დავუშვებთ მუქარას ხალხის არჩევანის წინააღმდეგ”.