
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ
ბრიუსელში 26 მაისს გამართული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საპარლამენტო არჩევნებზე და რუსეთ-საქართველოს დაძაბულობაზე გაამახვილეს ყურადღება.
”საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული სიტუაცია 21 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც იყო მნიშვნელოვანი ტესტი დემოკრატიისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში, ”საბჭომ მიულოცა ქართველ ხალხს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გასული არჩევნების შემდეგ განხორციელებულ მცდელობებს და მოუწოდა მათ გადადგან საჭირო ნაბიჯები იმ პრობლემების და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა”.
ეს განცხადება შესაბამისობაში მოდის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ მოხსენებასთან, სადაც ნათქვამია, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეეცადა არჩევნები სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინა, მთელი რიგი პრობლემები დაფიქსირდა, რამაც მისი განხორციელება არათანაბარი და არასრული გახადა”.
”საბჭომ ხაზი გაუსვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული დიალოგის საჭიროებას, რათა მიაღწიონ შეთანხმებას შემდგომ მოქმედებაზე,” – ნათქვამია განცხადებაში, ”მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას და მოუწოდა მხარეებს პატივი სცენ კანონის უზენაესობას და მხოლოდ დემოკრატიული და მშვიდობიანი საშუალებები გამოიყენონ პოლიტიკური განსხვავებების მოსაგვარებლად”.
საბჭომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ახლა ”არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდგომი ესკალაციის რისკის შემცირებას და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ნაბიჯების გადადგმას”.
”საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ყველა მხარემ უნდა შეამციროს საჯარო რიტორიკა და თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და ისეთი გადაწყვეტილებების განხორციელებისგან, რომლებიც ზემოთ ხსენებულ პრინციპებს ძირს უთხრის,” – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება დამკვირვებელთა მისიის მიერ 20 აპრილის ინციდენტის გამოძიების ფაქტზე, რომლის თანახმადაც ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო გამანადგურებელმა, ”რომელიც რუსეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა”.
”საბჭო ელის მისი [გამოძიების] შედეგების განხილვას რაც შეიძლება სწრაფად,”- განაცხადეს ევროკავშირის მინისტრებმა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი განიხილავს ”საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საშუალებას და თუ საჭირო პირობები იქნება დაკმაყოფილებული, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლებლობასაც”.