Placeholder canvas
ახალი ამბები

საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დაიშალა

საპროტესტო აქციის მონაწილეები კოსტავას ქუჩის გავლით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ფოტო: Civil.Ge

ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ მშვიდობიანად მას შემდეგ დაიშალა, რაც ამისკენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა და ახალი პარლამენტის სესიის წინა ღამით მხარდამჭერებს, მათ შორის რეგიონებიდან შეკრება თხოვა.

ოპოზიციონერი ლიდერები 16 საათამდე ელოდნენ, რომ ცესკო დღეს  მიიღებდა არჩევნების შედეგებზე გადაწყვეტილებას, თუმცა  სხდომა გადაიდო.  

”ესეც კიდევ ერთი ჩვენი გამარჯვებაა,”- მიმართა გაჩეჩილაძემ მომიტინგეებს, ”ჩვენ უნდა დავგეგმოთ ყოველი დღეს პირველ სესიამდე და მერე ყველა ერთად შევიკრიბოთ აქ პირველ სესიის წინა ღამეს, გავათენოთ, რომ არ შევუშვათ შიგნით არავინ. ჩვენ ყველა ისევ დროშებით, დიდი ქარავანით დავიძრებით რეგიონებისკენ იმისთვის, რომ აქ ხალხი ჩამოვიყვანოთ და წინა ღამეს აქ დავფუძნდეთ და დავფუძნდეთ ბოლომდე”.
 
კანონის მიხედვით, ახალი პარლამენტი მაქსიმუმ 10 ივნისისთვის უნდა შეიკრიბოს.

მისი თქმით, ოპოზიცია თავის ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებს 2-3 დღეში დამატებით გაახმოვანებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ სატელევიზიო ”იგნორირებას”, რომელსაც ოპოზიციის აქტივობების გაშუქებასთან მიმართებაში აქვს ადგილი.

”არანაირი სატელევიზიო იგნორირება, რომელიც დღეს მიდის ”რუსთავი 2”-ის და საზოგადოებრივი არხის მხრიდან, ამ ხელისუფლებას აღარ უშველის იმიტომ, რომ ჩვენ, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, ჩვენი კომუნიკაციებით ყველას, ვისაც ქვეყანა უყვარს შევატყობინებთ, რომ აქ [პარლამენტის შეკრების] წინა ღამიდან დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის და მისი ინტერესის გამარჯვება,”- განაცხადა მან.

”ჩვენ 9 თვე ბრძოლისა ერთად გავიარეთ, ძალიან ბევრჯერ მოვუწოდეთ ხალხს წასვლისაკენ და ხალხიც ხშირად განაწყენებული მიდიოდა,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ მიტინგზე გამოსვლისას, ”ქვეყანამ ერთხელ უკვე გაიარა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ცუდი და მძიმე შედეგები. ბრძოლა არის გაძლებაში და ბრძოლა არის ერთობაში. დღეს ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ 26 მაისი ნამდვილ ქართულ დღესასწაულად ვაქციეთ  და აქედან გავაქციეთ მიხეილ სააკაშვილი… დარწმუნებული ვარ, რომ იმ [სესიის] დღესაც ასე გაიქცევიან”.  

ოპოზიციის მხარდამჭერების აქცია დღეს დილით 10 საათიდან სპორტის სასახლის წინ დაიწყო და მანიფესტაციით, მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო აღლუმს იბარებდა, რუსთაველის გამზირისკენ გაემართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობისკენ თავისუფლად შეძლეს მოძრაობა, რადგანაც პოლიციის კორდონი, რომელიც რუსთაველის გამზირს აღლუმის გამო კეტავდა, მოისხსნა ოპოზიციის მხარდამჭერთა მიახლოვების შემდეგ. შედეგად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციამ ჩაანაცვლა.

აქციას ასევე შეუერთდნენ ლეიბორისტული, ქრისტიან-დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები. 

ლეიბორისტულმა პარტიამ ასევე გადალახა 5%-იანი ბარიერი ოპოზიციურ კოალიციასთან, ქრისტიან-დემოკრატებთან და მმართველ პარტიასთან ერთად. ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია უერთდება ბოიკოტს. ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა ამ საკითხზე ნათელი პოზიციის დაფიქსირება ვერ შეძლეს.

ამასობაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მაისს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი არ შედგება და ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ.

”ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის პოზიციას და სიტყვას,” – განაცხადა მან პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ”ჩვენ ყველას ვუწვდით დიალოგის ხელს. ჯერ  ერთი მე არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი შეიძლება არ შემოვიდეს პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი ოპოზიციის პარლამენტში იქნება”.

მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს უმრავლესობა იღებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ იგი მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს უმცირესობის მოსაზრებებსაც.

26 მაისის საპროტესტო აქცია უმსხვილესი იყო ოპოზიციის მიერ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გამართულ აქციებს შორის. ზოგიერთ ლიდერს არც ეგონა, რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა, განსაკუთრებით 21 მაისს ღამით გამართული მცირემასშტაბიანი აქციის შემდეგ, სადაც მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button