ახალი ამბები

ოპოზიცია ალტერნატიული პარლამენტის შეკრებას გეგმავს

ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია არ დაუშვან ”არალეგიტიმური” პარლამენტის შეკრება, თუნდაც ”შეჭრის ფასად” და სანაცვლოდ, შექმნან ოპოზიციური პარტიებისაგან დაკომპლექტებული ალტერნატიული პარლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების ჩატარებას.

”ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი მიტინგი გაგრძელდეს 16 საათამდე, როცა გამოცხადებული იქნება ცესკოში შედეგები. მოვიდა ცესკოდან ინფორმაცია, რომ 16 საათზე თითქოს და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მთავარი ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით რომელ დღეს დანიშნავენ პირველ სესიას, მაგრამ მთავარი მიზანი ის არის, რომ ჩვენ არ ჩავატარებინოთ იმ დღეს პირველი სესია თუ გინდ შეჭრის ფასად,”- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ მიტინგზე გამოსვლისას.

”ჩვენ არ გვინდა საქართველოში ზევით დავდგეთ კანონზე და ზევით დავდგეთ კონსტიტუციაზე, მაგრამ გამორიცხულია, რომ ერთ მუჭა კრიმინალებს საქართველოს ხელყოფა დავანებოთ. ჩვენ მათ ამას არ დავანებებთ,”- განაგრძო მან, ”მიტინგი ახლა 16 საათამდე გაგრძელდება, დაველოდებით ცესკოს გამოცხადებულ ინფორმაციას და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, რომ ჩვენ არ ჩავატარებინოთ პირველი სესია გაყალბებული არჩევნებით მოსულ პარლამენტარებს”.

იმადროულად, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა გაახმოვანა სამომავლო გეგმები და განაცხადა, რომ ოპოზიცია ალტერნატიული პარლამენტის შეკრებას გეგმავს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე.

”იმ დროს როდესაც ქვეყანაში არის სახელისუფლებო ვაკუუმი, როდესაც აღარ გვყავს ჩვენ ლეგიტიმური პრეზიდენტი და უკვე აღარ გვყავს ლეგიტიმური პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო, ჩვენ ვინც ხალხმა აგვირჩია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვაპირებთ, რომ უახლოეს დღეებში შევკრიბოთ ალტერნატიული პარლამენტი, წარმომადგენლობითი პალატა,”- განაცხადა დავით გამყრელიძემ, ”ჩვენ აქ შეკრების პირველივე დღიდან ავიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე და ამ სიტუაციის განმუხტვაზე და იმაზე, რომ ჩატარდეს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, რომ გავმართოთ პირველი სხდომა ამ ალტერნატიული პარლამენტისა”.

ამ განცხადებების ფონზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპონენტებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული, რადგან ბოიკოტი არ შედგება. მან ასევე განაცხადა, რომ 21 მაისს არჩული პარლამენტის შეკრება ”ეს არის, რაც შეიძლება მოხდეს”. 

მმართველმა პარტიამ წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, მანდატების 2/3 აიღო პარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ მას საკმარისი წარმომადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ ახალი პარლამენტი ფუნქციონირებას შეუდგეს და სამართლებრივად, ოპოზიციის ბოიკოტი, ამ პროცესს ვერ უქმნის დაბრკოლებას. კანონის მიხედვით, ახალი პარლამენტი მაქსიმუმ 10 ივნისს უნდა შეიკრიბოს.

 

Back to top button