
ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაუქმებაზე ულტიმატუმს აყენებს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და არჩევნების შედეგების გაბათილება მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადა, რომ აქცია არ დაიშლება.
ეს განცხადება პარლამენტის წინ ოპოზიციის სახელით მრავალათასიან მიტინგზე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ არჩევნების შედეგების გაბათილებაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს 16 საათზე დანიშნულ სხდომაზე მიიღოს.
ოპოზიციის მიტინგი, რომელიც 10 საათზე სპორტის სასახლესთან დაიწყო, მანიფესტაციით პარლამენტის შენობისკენ იმ დროს დაიძრა, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს იბარებდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მსვლელობას წინააღმდეგობა არ გაუწია პოლიციამ და ისინი რუსთაველის გამზირისკენ გაატარა, სადაც უკვე დასრულებული იყო აღლუმი, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილი აღლუმზე სიტყვით უპრეცედენტოდ მოკლე განცხადებით გამოვიდა.
”მე მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იყოს საქართველოს თავისუფლების, საქართველოს ერთიანობის, საქართველოს დიდებული მომავლის, ევროპული, ევრო-ატლანტიკური მომავლის სიმბოლო, საქართველოს თავისუფლების, საქართველოს თითოეული ოჯახის უკეთესი ცხოვრების, უკეთესი არსებობის, უკეთესი განათლების, უკეთესი ჯანდაცვის, უკეთესი სოციალური ყოფის, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების სიმბოლო. დღეს საქართველოს გვერდით ძალიან რთულ საერთაშორისო ვითარებაში დადგა მთელი მსოფლიო,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ”მე მინდა დავპირდე მთელ საქართველოს, რომ საქართველო მიუხედავად შემოტევებისა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ყველანაირი ხრიკებისა, საქართველო ბოლომდე გაიმართება წელში და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, აუცილებლად გაერთიანდება, აუცილებლად დაიბრუნებს მთელ მის ტერიტორიას და იქნება ერთიანი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა ჩვენი ეთნიკური წარმომადგენლის, ყველა ჩვენი ძმის – ოსების, აფხაზების, ყველა სხვა ჯგუფის, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, გასახარებლად”.