ახალი ამბები

ერთი ლეიბორისტი და ერთი რესპუბლიკელი ბოიკოტის წინააღმდეგ გამოდიან

ლეიბორისტული პარტიის სიის მე-5 ნომერმა, მომღერალმა ნუგზარ ერგემლიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ ის მომხრეა პარლამენტში შესვლის მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმდგენი პარტია ბოიკოტს აცხადებს.

ანალოგიური პოზიცია გამოხატა ყაზბეგში გამარჯვებულმა რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა რომან მარსაგიშვილმა.

”ჩვენ ხმები მოგვცა ადამიანებმა, მოქალაქეებმა, ქართველებმა და ვალდებულები ვართ, პირადად მე და ვთვლი, რომ ლეიბორისტული პარტიაც უნდა შევიდეთ პარლამენტში და ხელისუფლებას იქ ვესაუბროთ კონკრეტულად რა გვინდა მისგან, ნუ გავაცინებთ მტრებს, შევიდეთ პარლამენტში ქართველები,”- განუცხადა ”რუსთავი 2”- ნუგზარ ერგემლიძემ.

მან ”პოლიტიკური თამაშობანი” უწოდა ოპოზიციის გადაწყვეტილებას ბოიკოტზე,  ”რომელიც მე მიუღებლად მიმაჩნია”. 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალ პარლამენტს ბოიკოტი 23 მაისს გამოუცხადა და მოსახლეობას არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა 2/3-დს იღებს 150-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, ორშაბათს აქციაზე შეკრებისაკენ მოუწოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის პარალელურად. ბოიკოტის იდეას გუშინვე შეუერთდა ლეიბორისტული პარტია. თუმცა მესამე ოპოზიციურ პარტიას ქრისტიან-დემოკრატებს, რომელთაც ასევე გადალახეს 5%-იანი ბარიერი, საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

ლეიბორისტული პარტიის დეპუტატობის კანდიდატის იოსებ შატბერაშვილის განცხადებით, თუ გიორგი თარგამაძის პარტია შევა პარლამენტში, ამით საკანონმდებლო ორგანო ”გაპრავებული” იქნება. 

”თუმცა დანარჩენი ორი სუბიექტი ლეიბორისტული პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია უარს ამბობენ პარლამენტის მანდატებზე,”- აღნიშნა მან 23 მაისს და იქვე დასძინა, ”სანამ სააკაშვილი არ გასცემს განკარგულებას ამ ოლქებში არჩევნების გაბათილებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისა, მანამდე ჩვენ [ლეიბორისტები] უარს ვამბობთ დეპუტატობაზე”.

გაერთიანებული ოპოზიციისა და ლეიბორისტების მიზანია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ძალა იყოს.

რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომლის პარტიაც ვერ მოხვდა ახალ პარლამენტში, თუმცა ორი მაჟორიტარი გაიყვანა ცაგერსა და ყაზბეგში, ჯერ კიდევ 22 მაისს მიესალმა ბოიკოტის იდეას. თუმცა რესპუბლიკელების კანდიდატმა ყაზბეგში რომან მარსაგიშვილმა დღეს ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ის აპირებს პარლამენტში შესვლას.

”მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი და დავიცავ ბოლომდე ხევის ინტერესებს,”- განაცხადა მან, ”მე სხვა არავინ არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს იმ ხევის ინტერესები, იმ ხალხის ინტერესები, ვინც ამირჩია, მათ ინტერესებს ბოლომდე და ყოველთვის დავიცავ”.

კანონმდებლობით, პარლამენტი მისი არჩევიდან 20 დღეში იკრიბება, რის შემდეგაც წყდება  წინა პარლამენტის უფლებამოსილება. იმავდროულად, ახალი პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

თუმცა უფლებამოსილების ცნობისათვის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, სავალდებულოა პარლამენტში გასულმა დეპუტატობისს კანდიდატებმა გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება არჩევნებიდან 14 დღეში. ამ პროცედურის გავლის გარეშე კანდიდატი დეპუტატი ვერ გახდება.  ასეთ შემთხვევაში, თუ  პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

აქედან გამომდინარე, ბოიკოტი რომ შედგეს ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის 164-ვე კანდიდატმა და ლეიბორისტების პარტიული სიის 177-მა წევრმა უარი უნდა თქვას სადეპუტატო მანდატზე.

ამასთან, საარჩევნო კოდექსი ამბობს: ”თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი”.

რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატების უფლებამოსილების ცნობას, თუ ასეთმა პირებმა მათ შორის ბოიკოტის მოტივით, არ გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება, პარლამენტი იღებს დადგენილებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ, რის საფუძველზედაც ცესკო განკარგულებით აღნიშნულ ოლქში არჩევნების შედეგებს ბათილად ცნობს და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს 2 თვის ვადაში. 

ჯერ-ჯერობით 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული 75 მაჟორიტარი კანდიდატიდან, საიდანაც 71 ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, გაერთიანებული ოპოზიციის ორმა კანდიდატმა ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ თქვეს უარი ვაკისა და დიდუბის მაჟორიტარულ მანდატებზე.

სავარაუდოდ, ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება ყაზბეგში, სადაც რესპუბლიკების კანდიდატი უარს აცხადებს ბოიკოტთან შეერთებაზე. 

 

მსგავსი/Related

Back to top button