
ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში მხოლოდ მმართველ პარტიასთან ერთად შესვლას არ აპირებენ
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა არ აპირებს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთი ერთზე დარჩენას საქართველოს პარლამენტში, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს ასევე ბოიკოტის მექანიზმის ეფექტიანობას, განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 24 მაისს.
მისი თქმით, პარტია შეუერთდება 26 მაისს დაგეგმილ ოპოზიციურ მიტინგს, თუმცა იმავდროულად არ აიღებს პასუხისმგებლობას მის ”არაეფექტიან” შედეგებზე.
ეს განცხადებები თარგამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წერილობით ჩამოყალიბებულ პოზიციაში გაახმოვანა და განაცხადა, რომ ეს არ არის მისი ”ერთპიროვნული” გადაწყვეტილება და ოპოზიციასთან და პარტიის შიგნით ორი დღის განმავლობაში გამართული კონსულტაციების შედეგია.
თარგამაძემ ასევე საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ”ამ რთულ სიტუაციაში” განსაკუთრებით ”სერიოზული” მნიშვნელობა შეიძინა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოზიციამ. მან ბრიფინგზე განცხადების წაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს თავი აარიდა.
ქრისტიან დემოკრატები აცხადებენ, რომ გამარჯვებულები არიან 21 მაისი საპარლამენტო არჩევნებში. მათ ხმათა 8.6% დააგროვეს და გაერთიანებულ ოპოზიციასთან (17.68%) და ლეიბორისტებთან (7.43%) ერთად გადალახეს 5%-იანი ბარიერი არჩევნებში მმართველი პარტიის შთამბეჭდავი გამარჯვების (59.31%) ფონზე.
”მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებმა ჩაიარა სერიოზული დარღვევებით და პარლამენტის მიღებული შემადგენლობა ადეკვატურად არ ასახავს საზოგადოების განწყობას. დღეს საქართველოში დამარცხებულია საზოგადოება, რომელმაც მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთი ერთზე დარჩენას საქართველოს პარლამენტში,”- განაცხადა თარგამაძემ და ეს უკანასკნელი ფრაზა ბრიფინგის დასასრულსაც გაიმეორა.
თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ საეჭვოა ერთსულოვნება იყოს ოპოზიციურ პარტიებში ბოიკოტთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს ”ოპოზიციური სუბიექტების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ბოიკოტთან დაკავშირებით დღეს გამოთქმული წინააღმდეგობრივი მოსაზრებები”.
”ეს ძალზე საეჭვოს ხდის ზოგადად ბოიკოტის მექანიზმის ეფექტიანობას,”- აღნიშნა თარგამაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ 26 მაისის აქციაში მონაწილეობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ”ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აღნიშნული აქციის არაეფექტიან, უშედეგო განვითარებაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლის რესურსი დღეს ქვეყანაში არ არსებობს”.
თარგამაძის განცხადებით, მისი პარტია იდგება ხალხის გვერდით და იმოქმედებს ”პოლიტიკური მიზანშეწონილობის” ფარგლებში.
ამ დრომდე უცნობი იყო თარგამაძის პარტიის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ 23 მაისს საღამოს გამოაცხადეს ახლად არჩეული პარლამენტის ერთპარტიულობის დემონსტრირების და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევის მიზნით.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ ბოიკოტი სამართლებრივად არაფერს არ ცვლის, თუმცა პოლიტიკურად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ოპოზიციური პარტიების მიერ გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯია.