
ქრისტიან-დემოკრატების განცხადება პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით
ქრისტიან-დემოკრატების განცხადება პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით
24 მაისი
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა არის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებმა ჩაიარა სერიოზული დარღვევებით და პარლამენტის მიღებული შემადგენლობა ადექვატურად არ ასახავს საზოგადოების განწყობას. დღეს საქართველოში დამარცხებულია საზოგადოება, რომელმაც მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთი ერთზე დარჩენას საქართველოს პარლამენტში.
ოპოზიციური სუბიექტების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ბოიკოტთან დაკავშირებით დღეს გამოთქმული წინააღმდეგობრივი მოსაზრებები ადასტურებს ამ საკითხის ირგვლივ ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიციის არარსებობას და ძალზე საეჭვოს ხდის ზოგადად ბოიკოტის მექანიზმის ეფექტიანობას.
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ოპოზიციურ ძალებს და უერთდება 26 მაისის საპროტესტო აქციას. თუმცა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის მთავარი კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აღნიშნული აქციის არაეფექტიან, უშედეგო განვითარებაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლის რესურსი დღეს ქვეყანაში არ არსებობს.
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ყოველთვის იდგება ხალხის გვერდით და შეეცდება პოლიტიკური პროცესის წარმართვას გონიერებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფარგლებში.