ახალი ამბები

რუსეთი გაეროს გამოძიების დასკვნას საეჭვოდ მიიჩნევს

ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც გაეროს დამკვირვებელთა მისიამ დაასკვნა, რომ ქართული უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის გამაადგურებელმა ჩამოაგდო, საეჭვოა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს.

”ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვის ქვეშ გაეროს მისიის სპეციალისტების კომპეტენციას. საქმე ეხება მტკიცებულების ტენდენციურ და არაობიექტურ მასალას, რაზეც აიგო მისი გამოძიება – ვიდეომასალა და რაღაც რადარების ჩვენებები,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მოსკოვის განცხადებით, უპილოტო თვითმფრინავის ბორტზე არსებული კამერით გადაღებული მასალა დამონტაჟებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს ასევე განაცხადა, რომ ქართული სარადარო მონაცემები, რომლებიც გაეროს მისიამ გამოძიებისთვის გამოიყენა, ”არ შეესაბამება ჩვენთვის ხელმისაწვდომ მასალას”.

განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს გაეროს მისიის დასკვნის იმ ნაწილზე, რომელიც აღნიშნავს, რომ საფრენი აპარატის მიერ, იქნება ეს უპილოტო თუ პილოტიანი, წარმოებული სადაზვერვო საქმიანობა წარმოადგენს ”სამხედრო ქმედებას” და ამიტომაც [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე] მოსკოვის შეთანხმების დარღვევაა.

”სწორედ ეს ფრენა [20 აპრილს] გახდა თავად ინციდენტის ძირეული მიზეზი,” – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ მომხდარის შემდეგ არა მარტო არ შეწყვიტა თავისი უპილოტო თვითმფრინავების პროვოკაციული ფრენები, არამედ პირიქით გაზარდა მათი რიცხვი. ამ ფრენებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც მხოლოდ ზრდის დაძაბულობას კონფლიქტის ზონაში… მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მისიამ განაგრძოს ამ პრობლემის ძირეული მიზეზის გამოძიება.”
   
სოხუმი აცხადებს, რომ მან მარტიდან მოყოლებული შვიდი უპილოტო ქართული თვითმფინავი ჩამოაგდო. შვიდივე თვითმფრინავი ისრაელის მიერ წარმოებული Hermes 450 ტიპისაა. თბილისმა მხოლოდ 20 აპრილს ერთი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დაადასტურა.

გაეროს დამკვირვებელთა მისიამ განაცხადა თავის დასკვნაში, რომ გამოძიების დროს აფხაზურმა მხარემ მიაწოდა ექპერტებს 18 მარტს, 20 აპრილს და 12 მაისს ინციდენტების ადგილზე მოგროვილი თვითმფრინავების ნამსხვრევები. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე აცხადებს, რომ 7 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო 18 მარტიდან – 12 მაისამდე პერიოდში, გაეროს დამკვირვებელთა მისიამ დაადასტურა, რომ მხოლოდ 18 მარტის, 20 აპრილის და 12 მაისის ინციდენტების ადგილებზე ნაპოვნი ნამსხვრევები ეკუთვნოდა Hermes 450 ტიპის თვითმფრინავებს.

 

მსგავსი/Related

Back to top button