ახალი ამბები

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს აფასებენ

არჩევნების დღე ზოგადად წყნარი იყო და საერთო ჯამში, ხმის მიცემის პროცესი დადებითად, თუმცა ხმების დათვლის ეტაპი ”ნაკლებად პოზიტიურად” იქნა შეფასებული, ნათქვამია არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებულ წინასწარ განცხადებაში.

არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა მისიებს, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.

წინასწარ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეეცადა არჩევნები სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინა, მთელი რიგი პრობლემები დაფიქსირდა, რამაც მისი განხორციელება არათანაბარი და არასრული გახადა”.

თუმცა ჟოაო სუარესმა, ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა სპეციალურმა კოორდინატორმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ”ეს არჩევნები არ იყო სრულყოფილი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მე აქ ვიმყოფებოდი იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კონკრეტული და არსებითი პროგრესი იქნა მიღწეული. კვლავაც რჩება პრობლემები და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება და გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესებისათვის”.

იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულ დასკვნაში OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ”[5 იანვრის საპრეზიდენტო] არჩევნები, თავისი არსით, თანმიმდევრული იყო, რომლის დროსაც დაცული იყო ეუთოს და ევროპის საბჭოს ვალდებულებები და სტანდარტები დემოკრატიული არჩევნების თაობაზე”. 

ამგვარი ტიპის განსჯას არ შეიცავს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) წინასწარი განცხადება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. 

IEOM-ი ხმის მიცემის პროცესს 3 558-დან 1 500 საარჩევნო უბანზე დააკვირდა, ხოლო ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვება 150 საარჩევნო უბანზე განახორციელა. IEOM-ს დამკვირვებლები ასევე დააკვირდნენ ხმების დათვლის პროცესს 73 საოლქო კომისიაში.  

ხმის მიცემის დაწყების პროცედურები დადებითად შეფასდა საარჩევნო უბნების 85%-ში, ხოლო თავად ხმის მიცემის პროცესი –  ”როგორც კარგი და ძალიან კარგი” საარჩევნო უბნების 92%-ში. თუმცა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ პროცესი უფრო ნეგატიურად შეფასდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში.   

”ხმების დათვლის პროცესი ნაკლებად პოზიტიურად შეფასდა; IEOM-ს დამკვირვებლების 22%-მა შეაფასა ის როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. საუბნო საარჩევნო კომისიების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ არ შეასრულეს ძირითადი მოსამზადებელი პროცედურები საარჩევნო ყუთების გახსნამდე,” – ნათქვამია მოხსენებაში, ”ხშირად ადგილზე შეინიშნებოდნენ არაუფლებამოსილი პირები და ზოგჯერ პროცესშიც იღებდნენ მონაწილეობას. IEOM-ს დამკვირვებლებმა აშკარა გაყალბების სამი შემთხვევა დააფიქსირეს”.

მოხსენების თანახმად, ხმების დათვლის პროცესი ”კრიტიკულად შეფასდა” საოლქო საარჩევნო კომისიების დაახლოებით 16%-ში.

”IEOM-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არაუფლებამოსილი პირების ყოფნა და ისიც, რომ საუბნო კომისიები ავსებდნენ ან ასწორებდნენ ოქმებს, თუმცა ამის უფლება არ ჰქონდათ. საოლქო კომისიების ორ-მესამედში, დამკვირვებლებმა აღნიშნეს გამჭირვალობის ნაკლებობა ან ხელის შეშლა დამკვირვებელთა მუშაობისთვის,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენება იმ რამდენიმე დასკვნის ანალოგიას აღნიშნავს, რომლებიც IEOM-ის ორ შუალედურ წინასაარჩევნო მოხსენებაშია გახმოვანებული. მედიასთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ ”მიუხედავად პლურალისტური მედია გარემოსი, მასმედიის საშუალებების უმეტესობა კვლავ რჩება მათი მფლობელების და პოლიტიკური მეპატრონეების ძლიერი გავლენის ქვეშ”. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებული იყო სხვა ტელეკომპანიებს შორის.

”ხმის მიცემის და დათვლის პროცესი უკვე დასრულებულია. მაგრამ საარჩევნო პროცესი კვლავაც გრძელდება: ბევრი იქნება დამოკიდებული შედეგების შეჯამებაზე და იმაზე, თუ როგორ მოხდება ხელისუფლების მიერ საჩივრებისა და განცხადებების განხილვა,” – განაცხადა OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბორის ფრლეცმა, ”ჩვენ დავრჩებით საქართველოში, რათა ყურადღებით დავაკვირდეთ ამ პროცესს”.

”ჩვენს მოხსენებაში თქვენ დაინახავთ დიდი რაოდენობით გაუმჯობესებას, თუმცა ხარვეზებიც რჩება,” – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ნათელია, რომ ის კრიტერიუმები, რომ კარგი არჩევნები ჩატარდეს, საქართველოში ვერ შესრულდა. მაგრამ თითოეული არჩევნები იმ გარემოს მიხედვით უნდა იქნას განსჯილი, სადაც ის ტარდება”.

”თანამედროვე დემოკრატიულ საქართველოში, ძალაუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს საარჩევნო კაბინაში, იმ პროცესის დროს, რომელსაც ყველა ენდობა. იმ ხარვეზების უმეტესობას, რომელთაც თქვენ ამ მოხსენებაში იხილავთ, ერთი ძირი აქვს. ეს არის სიძულვილი, ეს არის ნდობის ნაკლებობა, რომელსაც იმ პოლიტიკურ ატმოსფერომდე მივყავართ, სადაც თქვენ ვერ გექნებათ დიალოგი და არ გექნებათ სრულყოფილი საარჩევნო გარემო. თუმცა, ეს არჩევნები, ყველა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, უკვე დასრულდა და ის ქმნის შესაძლებლობას მომავლისთვის. ამრიგად, მე მირჩევნია მომავალზე მოვახდინო ფოკუსირება,” – განაცხადა იორშმა
 

Back to top button